„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ სასამართლომ პარტიის სარჩელი დაუშვებლად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი, რომლითაც ითხოვდა მოსამართლეს დაევალდებულებინა, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები სერვერებსა და ხმის მიცემის აპარატებში შეენახა და ამომრჩევლის სიები გაესაჯაროებინა. პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს განმარტებით, „აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა“.
„იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ს გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა…
აღნიშნული სიების ახლა, ან მომავალში გამოქვეყნების შემთხვევაში, უკვე იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი სიებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზე. სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ პარტიაში.
„გახარია საქართველოსთვის“ „სიებისა და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის“ სურვილს უკავშირებს პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასაც, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაიწყო.
„ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას“, – თქვეს პარტიაში 5 ნოემბერს.
1 ნოემბერს, როცა პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ინფორმაციის სასამართლო წესით მოთხოვნაზე საუბრობდა, ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არჩევნებში მონაწილე ადამიანების სიის გასაჯაროების შესაძლებლობას მათ კანონმდებლობა არ აძლევს. მანვე აღნიშნა, რომ ერთი წლის ვადით ინახავენ იმ ქვითრებს, რომლებიც სარეგისტრაციო მოწყობილობამ დაბეჭდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.
პროკურატურაში დაბარების პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.
საგამოძიებო უწყებაში გამოძიებაზე დაიბარეს კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძეც.
პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან.
ფორუმი