პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” მასზე თავდასხმის დამკვეთი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ განცხადებას იგი ფეისბუქზე ავრცელებს.
“დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.
მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან. რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე”, – წერს გიორგი გახარია.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.
ფორუმი