გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” განცხადებით, იაპონური მედიასაშუალების მიერ ჩატარებული გამოძიებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის ოჯახი დიპლომატიური ფოსტას და დიპლომატიურ იმუნიტეტს, რომლითაც საქართველოს ელჩი სარგებლობს, პირადი მიზნებისთვის იყენებს.
“ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.
ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.
ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს”, – აცხადებენ გახარიას პარტიაში.
იაპონური გამოცემა Weekly Bunshun Online Edition ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილის შესახებ აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „პრო-პუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი ტოკიოში შენიშნეს!“. გამოცემის ცნობით, სანქციების დაწესებამდე ცოტა ხნით ადრე, უტა ივანიშვილმა 500 მილიონი იენით (3.5 მლნ დოლარი) ტოკიოს ცენტრში ბინა შეიძინა.
სტატიაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია დიქტატორად, რომელმაც რუსეთთან კავშირები გააღრმავა, საქართველო პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა და ეკონომიკური სანქციების სამიზნეც გახდა. მისი უფროსი ვაჟი კი, „რატომღაც იაპონიაში ცხოვრობს“.
გამოცემის ცნობით, უტა ივანიშვილს იაპონიაში ფეშენებელური ცხოვრება აქვს და გასული წლის 27 ივნისს სესხის გარეშე შეიძინა შეიძინა 115 კვ.მ. ბინა ტოკიოს ცენტრში, ელიტარულ კომპლექსში, თუმცა ძირითადად ფეხით ან მატარებლით გადაადგილდება და „არ ეტყობა, რომ მდიდრულად ცხოვრობს“.
„ივანიშვილის ვაჟმა ბინა შეიძინა ივნისში, მაშინ როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო. ამას მალევე მოჰყვა აშშ-ის სანქციები დეკემბერში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ტრანზაქცია სანქციების თავიდან აცილების ნაწილი იყო”, – აღნიშნავს გამოცემასთან ექსპერტი.
Bunshun-ის ჟურნალისტთან უტა ივანიშვილი ამბობს, რომ ორწელიწად-ნახევარია იაპონიაში ცხოვრობს და ვიდეოთამაშების დიზაინერია.
უტა ივანიშვილი უარყოფს, რომ მისი შექმნილია ATU და არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ტოკიოში ბინა აქვს.
Bunshun ასევე წერს ტოკიოში, ერთ-ერთ რესტორანში უტა ივანიშვილსა და იაპონიაში საქართველოს ელჩს თეიმურაზ ლეჟავას შორის ერთსაათიან შეხვედრაზე, რომელიც ქართულ ენაზე გაიმართა და რომლის ფარგლებშიც ელჩმა ივანიშვილს შავი ჩანთა გადასცა.
თეიმურაზ ლეჟავა სტატიას X-ზე ირონიულად გამოეხმაურა. მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სახეზე ჟურნალი Bunshun აქვს აფარებული და წერს, რომ „მეგონა, პირველი გაზაფხულის ნიავი იყო, მაგრამ „ბუშუნის“ ტყვია აღმოჩნდა“.
