პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „პარტიული ზონდერ-აქტივით“ ბათუმში მათი წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადა.
როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, მისმა პარტიამ იმ ადამიანების ვინაობა დაადგინა, რომელთა გასაღებასაც „ქართული ოცნება“ “კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად” ცდილობს.
„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო. ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა.
ჩვენ დავადგინეთ მათი ვინაობა – როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობს, „ოცნების“ პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩნდა:
· „ოცნების“ აქტივისტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან დაახლოებული, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი – მანუჩარ რიჟვაძე;
· მისი თანმხლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და ოცნების კოორდინატორები: ნუგზარ ინაიშვილი – ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების“ ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია – ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების“ უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი – ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების“ აქტივისტი)“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს, მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა.
„არჩევნების დაცვის ჩვენი ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უთანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ „არ აპირებენ გახარიას პარტიის ჭორაობაზე კომენტარის გაკეთებას“.