პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავს.
გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიის და თბილისის საკრებულოს წევრია.
როგორც გიორგი შარაშიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მისი კანდიდატურა საბოლოო არაა და განხილვები კიდევ მიმდინარეობს.
მისი თქმით, „ლელოსთან“ შეთანხმების პირობები, ერთმანეთისთვის როგორც პარტიული, ისე უპარტიო კანდიდატების დასახელებას და განხილვას მოიცავს და გახარაის პარტიაში თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ მის შეთავაზებას განიხილავენ.
როგორც გიორგი შარაშიძე ამბობს, საბოლოოდ გახარიას პარტია და „ლელო“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდებიან.
„შეგახსენებთ, რომ ეს „ლელოსთან“ მემორანდუმი იყო: ერთი არის პარტიული კანდიდატები, რომელსაც „ლელოც“ დაუჭერს მხარს და ჩვენც დავუჭერთ და მეორე ვარიანტია უპარტიო კანდიდატი. ამ ეტაპზე განვიხილავთ ერთსაც და მეორესაც. ჯერჯერობით [ჩემი კანდიდატურა] არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. პარალელურად უპარტიო კანდიდატებზეც ვმუშაობთ. 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა და ამ დროს, დიდი ალბათობით, ბოლომდე გამოვიყენებთ. ორი მხარე რაღაცაზე რომ თანხმდება, ორივემ თავისი ვერსიები ხომ უნდა დადოს მაგიდაზე და გიდასტურებთ, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან ჩემი კანდიდატურა არის წარმოდგენილი.
მიდნა გითხრათ, ჩემს პარტიაში კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი მოიაზრება თბილისის მერად, გნებავთ თბილისის საკრებულოს გუნდიდან და გნებავთ პოლიტსაბჭოდან და ა.შ. ამ ეტაპზე ჩვენსა და „ლელოს“ შორის მიდის კონსულტაციები და ყველაფერი არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში რა სურათი გვექნება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიართება. მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი. თუმცა არჩევნებში მონაწილეობას აპირებს „ლელო“ და გახარიას პარტია, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.
