გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებს ქუჩაში თავს დაესხნენ

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ თბილისში, ამაღლების ქუჩაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მათი პარტიის წევრებს, სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს თავს დაესხნენ.
პარტია ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქზე ავრცელებს, სადაც ჩანს რამდენიმე პირი, რომლებიც “საქართველოსთვის” წევრებს სააგიტაციო მასალას ართმევს.
ვიდეოში ისმის ფრაზა: “აი, გახარიას, სადაც ეკუთვნის, პოლიტიკურ სანაგვეში მოხვდება 26 ოქტომბერს…”, – ამბობს ერთ-ერთი პირი და გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო პლაკატი ნაგვის ურნისკენ მიაქვს. “ჩვენისთანა ახალგაზრდებით არის ეს ქვეყანა ფეხზე რომ დგას”, – თქვა კიდევ ერთმა პირმა.
“საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოცნების ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ასე გამოიყურება ოცნების მოჩვენებითი „მშვიდი და სამართლიანი“ წინასაარჩევნო გარემო”, – წერია პარტია “საქართველოსთვის” ფეიუსბუქგვერდზე.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ჰყვება, რომ მათი წარმომადგენლები ამაღლების ქუჩაზე პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ადგილზე 10-მდე ახალგაზრდა კაცი “მივარდა”. ბუჩუკურის თქმით, მათგან ორი პირი იდენთიფიცირებული ჰყავთ და ამ თემაზე ხვალ, 10 ოქტომბერს ბრიფინგი გეგმავენ.
“იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, მივარდა, ჩამოგლეჯვა, “ამას არ გაგაკვრევინებთ” და ა.შ. გარდა იმისა, რომ სამართალდარღვევაა სააგიტაციო მასალის დაზიანება, ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო ქალებზე”, – ამბობს ის.
ანა ბუჩუკურის თქმით, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟიც:
“არ ვიცი, რა რეაგირება ექნებათ, თუმცა აბსოლუტურად ყველა ადამიანი იდენთიფიცირებადია”.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათი კომენტარი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.
ფორუმი