გახარიას პარტიამ „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებები მოამზადა

დღეს, 8 აპრილს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის ბიუროზე „რუსული კანონის“ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპოექტს წარადგენს — „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში.“
პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, არეგულირებს გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს. აღნიშნულ კანონს ემატება შემდეგი, რომ:
· ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები, ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში;
· წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის, გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში;
· ანგარიშგებების წარდგენისა და ადმინისტრირების ცვლილებებით განსაზღვრულ ორგანოს, წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური, რომელიც დღეის მდგომარეობით, ისედაც იღებს არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშგებებს.
· წარდგენილი ანგარიშგებები — გამოქვეყნდება საჯაროდ.
პარტიის თანახმად, ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მითუმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას.
„მიდგომა არის საერთო, ყველა გრანტის მიმღები იურიდიული პირისთვის. შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვ. პირები მთავრობის დადგენილებით,“ — აცხადებენ პარტიაში.
გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ მოამზადეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს განაცხადა მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი „რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნების შესახებ.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები. ასევე, დასავლელმა პარტნიორებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნის.
· გაეროს სპეცმომხსენებლი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „რუსული კანონის“ შემობრუნების გამო
· 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების მოწოდება „რუსული კანონის“ გაწვევაზე
· რატომ არ ჰგავს „რუსული კანონი“ ამერიკულსა და ავსტრალიურს — ეუთო/ოდირის განმარტება