გახანგრძლივებული ზავის პირველი დღე იწურება – კატარი იმედოვნებს, რომ, მოლაპარაკების გზით, კიდევ შეძლებს უდანაშაულო ადამიანების ტყვეობიდან დახსნას

ორი დღით გახანგრძლივებული ზავის პირველი დღე იწურება. “ჰამასისგან” შეთანხმების თანახმად ათი მძევლის განთავისუფლებას ელის, სანაცვლოდ კი ტერორისტებს 30 პალესტინელ პატიმარს გადასცემს. კატარი, რომელიც თელავივსა და პალესტინურ ანკლავს შორის შუამავლის როლს ასრულებს, იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების გზით კიდევ შეძლებს უდანაშაულო ადამიანების ტყვეობიდან დახსნას.
დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ მსოფლიოს ორი უძლიერესი დაზვერვის-მოსადისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფები. დავიდ ბარნეა და ბილ ბერნსი კატარის მაღალჩინოსნებს ხვდებიან, რომლებიც ჰამასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ.
“ჰამასისა” და ისრაელის მიერ ტყვეების გათავისუფლება გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებულები მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან. პარალელურად, სპეციალისტები მონიტორინგს გაუწევენ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის ყოფილი ტყვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ისრაელის ციხიდან გათავისუფლებულებს ზეიმით დახვდნენ პალესტინელები. რაფახის გამშვებ პუნქტზე, საპატიმროდან გამოშვებული 33 ქალის და არასრულწლოვანის დასახვედრად, ასობით ადამიანი შეიკრიბა.
5 დღის განმავლობაში “ჰამასმა” ტყვეობიდან 69 ადამიანი გაათავისუფლა. სანაცვლოდ ისრაელმა ციხიდან 150 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი გამოუშვა. ცეცხლის დროებითი შეწყვეტის კიდევ ერთი დადებითი მხარე მედიატორების განცხადებით, არის ის, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. გუშინ, გვიან ღამით შეთანხმებული, დამატებით 2-დღიანი პაუზის პერიოდში, ანკლავში კიდევ 150 ტონამდე ტვირთს ელოდებიან.
დღეში 10 ადამიანის გამოშვება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დამატებით 24 საათით ახანგრძლივებს. სულ “ჰამასის” ტყვეობაში 170-მდე ადამიანი რჩება. მათი გათავისუფლების შემდეგ, ისრაელის მთავრობა სახმელეთო ოპერაციის გაცილებით მძიმე ფაზას აანონსებს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის სრული განადგურებით უნდა დასრულდეს.