გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან
გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს, მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან ამგვარად შეაფასა გერმანიის ფედერალური მთავრობის უარი, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა მიზნით და რა თანხით აფინანსებდა.
პაპუაშვილის შეფასებით, გასაკვირია ის პასუხი, რაც ვნახეთ ჩვენ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ.
„ჩვენთან რომ ასეთი რამ მომხდარიყო, რომ ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია, რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და ზოგიერთი უცხოელი ელჩი – რომ ეს არის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო შეკითხვაზე უბრალოდ, ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს, იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.
ამიტომ აქვე დავფიქრდეთ, როცა საუბრობენ გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე,, ისინი მხოლოდ სხვებს გულისხმობენ, თორემ საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ამ ვალდებულებას არ აკისრებენ.
აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს, მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან. ეს არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია და ეს რეალური ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის იქ მოცემული. საარჩევნო წელს – 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ „ენჯეოებზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ასევე გაიხსენა გასულ წელს ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობები.
„რა გააკეთეს ქართულმა „ენჯეოებმა“ შარშან არჩევნებისას, ყველამ კარგად დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართულობა, საარჩევნო თაღლითობა ISFED-ისა და მსგავსი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან და არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მცდელობაში მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტზე შტურმი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მანიპულაციაა გერმანიის მთავრობის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარისას ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე მითითება.
„გერმანიის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკაში მართლაც არსებობს ტერმინი „ნდობაზე“ დაფუძნებული ურთიერთობა, თუმცა, ეს უპირველეს ყოვლისამ ეხება გერმანიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას. აშშ-ის, USAID და მსგავსი ორგანიზაციების წარსული პრაქტიკისგან განსხვავებით, რომლებიც ჩამოდიოდნენ და უბრალოდ, ფულს ხარჯავდნენ, გერმანიის მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ეს არის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული აქტივობები, რომლების ყველა ნაბიჯი თანხმდება უშუალოდ პარტნიორთან.
და ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას. ამიტომ ეს არის დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის კანონი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას და ერთ-ერთი მაგალითი ზუსტად ეს არის, როდესაც საქართველოში აღმოჩნდა, რომ შარშან საქართველოში გერმანიის მთავრობამ დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული „ენჯეოებზე“ და უმალავს ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანელ ხალხს, ვის ფულსაც ის ხარჯავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, საქართველოში მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკს უქმნის მათ შემდგომ ფუნქციონირებასა და მათში მომუშავე ადამიანებს.




