“გაუგებარია, რისთვის იქმნება ზედმეტი ბარიერები და რატომ დასჭირდათ კანონის შემოტანა მეორედ” – მეღვინე “რუსულ კანონზე”

მეღვინეობა „ხომლის მარნის“ დამფუძნებელი თამაზ ომანაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღება საჭირო არაა, რადგან სახელმწიფოს ისედაც აქვს ინსტრუმენტი, რითაც შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაცია და მიღებული დაფინანსების მიზნობრივად გამოყენება გააკონტროლოს.
ის bm.ge-სთან ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმ მხარდაჭერაზეც საუბრობს, რომელიც ქართულ მეღვინეობას მიუღია. მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა შეუფასებელია.
„ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა მიიღონ ეს კანონი. თუ ვინმე, არაკეთილსინდისიერად აკეთებს საქმეს, იქნება ეს მეწარმე თუ დონორი, ამისთვის არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომ გაკონტროლდეს. კიდევ დამატებით რაღაც კანონების მიღება გაუგებარი და აუხსნელია.
რისთვის იქმნება ზედმეტი ბარიერები? როდესაც გვაქვს კანონები, რომლის ფარგლებშიც ყველა ტრანზაქცია თუ ფინანსური მდგომარეობა კონტროლდება. რატომ დასჭირდათ კანონის შემოტანა მეორედ ჩემთვის გაუგებარია, როცა ერთხელ უკვე დაიხიეს უკან“, – აღნიშნავს „ხომლის მარნის“ დამფუძნებელი, თამაზ ომანაძე.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებიდან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს.

ასევე დაგაინტერესებთ