გატუტუცებული, ჭიჭყინა ბავშვის სიტყვებია – ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ჰოლ ჰოლი კობახიძეზე

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში, ყოფილი დიპლომატი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას -ის მიმართ და ამბობს, რომ ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს არ შეეფერება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გასაოცრად შეურაცხმყოფელი ენა აშშ-ის მთავრობის მიმართ ნათელს ხდის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და ს წინ მუხლებზე დაემხოს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ყბა ჩამოგივარდება ადამიანს“, – დაწერა ჰოლ-ჰოლმა პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე).
„ეს გატუტუცებული ბავშვის სიტყვებია და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელსაც აშშ ასე მტკიცედ უჭერდა მხარს დამოუკიდებლობის შემდეგ“, – წერს იგი.
ჰოლ ჰოლ 2013-2016 წლებში იყო ელჩი საქართველოში. მოგვიანებით იგი აშშ-ში ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა. მან 2019 წელს დატოვა დიპლომატიური სამსახური საკუთარ მთავრობასთან ბრექსიტის საკითხზე შეუთანხმებლობის შემდეგ.
ირაკლი მ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში „რევოლუციური მცდელობის“ მხარდაჭერასა და „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა.
ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, რომლებიც 2009 წლიდან სტრატეგიული პარტნიორები არიან, უპრეცედენტო მოვლენაა. ასე დაძაბული საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა.
2 მაისს კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე.
შოლემ X-ზე დაწერა, რომ კობახიძეს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ საქართველოს „მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“ და „შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“.
პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ შოლესთან საუბარში გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.
მისი თქმით, „მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი“.
„ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია“, – დაწერა კობახიძემ.
განცხადების ბოლოში კობახიძემ დაწერა: „ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“.
2 მაისსვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, – აღნიშნა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ