გასული წლის IV კვარტალში მოსახლეობამ და ბიზნესმა 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში გადაიტანეს

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2024 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 58.34 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 371.92 მილიონი ლარით, 0.64%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით მეტი).
დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 151.99 მილიონი ლარით, ანუ 0.57%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 523.91 მილიონი ლარით, ანუ 1.67%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.27%-ით).
ანგარიშის თანახმად, სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე დეპოზიტების დოლარიზაცია 49%-დან 53%-მდე გაიზარდა, ლარიზაციის მაჩვენებელი კი სექტემბერში არსებული 51%-დან 47%-მდე შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, ლარის დეპოზიტების კლება თვეების მიხედვით ასეთია:
· ოქტომბერი – 1.16 მილიარდი ლარი;
· ნოემბერი – 351 მილიონი ლარი;
· დეკემბერი – 453 მილიონი ლარი.
უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდამ კი 2024 წლის IV კვარტალში 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა.