გთავაზობთ გასული კვირის 23-29 დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა
27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა. ივანიშვილის სანქცირება მოხდა რუსეთის მავნე საგარეო გავლენის შეზღუდვის სასანქციო პაკეტიდან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში შეზღუდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, გაატარა ძალადობრივი რეპრესიები დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ, ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან ჩამოაცილა და საქართველო რუსეთს დაუახლოვა.
სანქციები ვრცელდება ბიძინა ივანიშვილის აქტივებსა და იმ კომპანიებზე, რომლებშიც ივანიშვილი 50%-ზე მეტს ფლობს. სანქცირების გადაწყვეტილება შეეხო ივანიშვილის მიერ Credit Suisse-თან მოგებულ დავას, რომელშიც მოგებულ თანხას ივანიშვილი მხოლოდ აშშ-ის თანხმობის არსებობის შემთხვევაში მიიღებს.
ქართული ოცნების პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია
დღეს ქართული ოცნება ხალხის ძალის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციას გეგმავს. ყაველაშვილი 224-მა ხმოსანმა 14 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე აირჩია, სადაც ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურად არჩეულ ლიდერს.
ბიზნესისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა
23 დეკემბერს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სულ 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო და ის ოთხ საათს გაგრძელდა. BMG-სთან საუბარში შეხვედრის დამსწრე კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საუბრის უდიდესი ნაწილი თავად ირაკლი კობახიძის ვრცელ განცხადებას დაეთმო და დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებზეც კობახიძეს არ უსაუბრია. ამასთან, შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე ოცნების მისამართით, განსაკუთრებით კი საგარეო კურსის ცვლილების მხრივ კითხვები დასვა ტელეიმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, რომელმაც შემდგომში საკითხზე ვრცელი განცხადება გააკეთა.
მთლიანობაში, შეხვედრის დამსწრეთა ცნობით ეს შეხვედრა მარტივ ვითარებაში არ წარმართულა, ხოლო ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება უფრო მეტად “განსხვავებული პოზიციის” მქონე ბიზნესებთან.
ბანკებში ლარის დეპოზიტები მცირდება, იზრდება სავალუტო დანაზოგები
ეროვნულმა ბანკმა ნოემბრის თვის სადეპოზიტო სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი ერთი პროცენტით შემცირდა და მან 48.3% შეადგინა. ნოემბერში ლარის დეპოზიტები სულ 351 მილიონი ლარით, 28 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ეს 2023 წლის მარტის შემდეგ დეპოზიტების ლარიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ამასთან აგვისტოს შემდეგ, დეპოზიტების ლარიზაცია 3.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
“საქართველოს საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს”- ეროვნული ბანკი
“საქართველოს საბანკო სისტემა მკაცრად იცავს საერთაშორისო სანქციებს”- ასე პასუხობს ეროვნული ბანკი BMG-ის კითხვას, მიიჩნევს თუ არა სებ-ი, რომ 2023 წლის საგამონაკლისო ბრძანება ვრცელდება „გლობალური მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებულ სანქციებზეც.
სავარაუდოდ, იურიდიულად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 2024 წლის 19 სექტემბერს გამოცემული საგამონაკლისო ბრძანება „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ სანქციებს არ ეხება, რადგან ბრძანება მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების აღსრულებას არეგულირებს. შესაბამისად, ეს გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დასანქცირდნენ უკრაინასთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, და არა სხვა სასანქციო ნორმებით, მათ შორის „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ პაკეტზე.
გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს საკრედიტო პროექტები შეაჩერა
საქართველოში გერმანიის საელჩო აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც 237 მილიონი ევროს საკრედიტო დაფინანსების შეჩერებას უკავშირდება. საუბარია საქართველოში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის, ბათუმის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების და ბათუმში მწვანე წყალბადზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანის პროექტების შეჩერებაზე.
Fitch-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი შეამცირა
სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა “საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, ამასთან ორგანიზაციამ რეიტინგი უცვლელად “BB-“ დონეზე დაადასტურა.
Fitch-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანხვედრაშია საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის გაუარესებასთან, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ სახელმწიფოს სუვერენული რეიტინგის მოლოდინი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა, რაც 2024 წლის განმავლობაში უკვე მეორე შემცირებაა, რადგანაც ზაფხულში რეიტინგის მოლოდინი “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შემცირდა. ამასთან, Fitch-მა უცვლელად დატოვა სახელმწიფოს რეიტინგი და ის კვლავ “BB” დონეზე შეინარჩუნა.
ვინ იყიდა $45 მილიონი დოლარის ოქროს ზოდები და სერტიფიკატები სებ-იდან
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო ზოდებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით გაყიდა – ამის შესახებ სებ-ში BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, მათ მიერ ოქროს შესყიდვა მოხდა ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.
სებ-მა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს შესყიდვა და მისი რეალიზაცია 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბრიდან-მაისის პერიოდში სებ-ი სავალუტო რეზერვების მიღმა თვიდან თვემდე საშუალოდ 2 მილიონი დოლარის ოქროს ინახავდა, თუმცა 2024 წლის მაისიდან ამ ოქროს მოცულობა ჯერ 10 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო უკვე სექტემბრისთვის მისმა მოცულობამ 47 მილიონ დოლარს მიაღწია, ნოემბერში კი სებ-მა 45 მილიონი დოლარის ოქრო გაყიდა, რის შედეგადაც ამ ოქროს მარაგის მოცულობა 3.7 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ბაზარზე ზოდებისა და სერტიფიკატების სახით რეალიზებული ოქროს მოცულობა დაახლოებით 511 კილოგრამს შეადგენს.
თურქეთის საზღვრამდე 7.6-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა
საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც 7.6 კილომეტრის სიგრძის ახალი გვირაბის მშენებლობას და მდინარე ჭოროხზე 1,471 მეტრის სიგრძის ხიდის აგებას.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით შენდება და მისი დასრულება 2028 წელს იგეგმება. ახალ მაგისტრალზე მთლიანობაში 620 მილიონი ლარი ($225 მილიონი) უნდა დაიხარჯოს.
პროექტთან დაკავშირებით 25 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ნებართვა გასცა, რასაც წინ საჯარო განხილვების რამდენიმეთვიანი პროცესი უსწრებდა, რა პერიოდის განმავლობაშიც პროექტში მცირედი კორექტირებები შევიდა.