ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სპორტი იმედზე-ს” პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გაუკვირდა, როდესაც ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მეცი” დატოვა და სათამაშოდ ჰოლანდიის ერედივიზიონში გადავიდა.
“გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ “აიაქსია”, დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა “მეციდან”, იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა “აიაქსი” შენით ინტერესდება და ამხელა თანხას
იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის.
“აიაქსიც” მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს”, – განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 6-თვიანი იჯარით “მეცში” დაბრუნდება, თუმცა ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
სათაური რომ წავიკითხე რატომღაც მეგონა გაგრძელება იქნებოდა, ახალგაზრდულს რომ არ დაეხმარა და გამოთქვავს წუხილს ))) თურმე ტრანსფერს განიხილავს/აკრიტიკებს!! ყოჩაღ, აი სულ შენი საქმეა ეგ, სხვა ყველაფერი კარგად გაქვთ!! ტოტალიზატორ-ლიგა როგორაა? რომელ ადგილზე ვართ ევროპაში? წინსვლა გვაქვს შენს პერიოდში? …