„გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა“ – ჯიმ ო’ბრაიენი

გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს, გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა, ბრიფინგზე განაცხადა.
ს თანაშემწის თქმით, სამწუხაროა, რომ ბოლო დროს კონკრეტულმა ქმედებებმა, განსაკუთრებით ძალადობამ და მუქარამ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხანდახან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, კანონმა, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, გააჩინა კითხვა, არის თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლით დაინტერესებული.
„ასე რომ, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი ახორციელებენ და იმედი გვაქვს, გააცნობიერებენ, რომ საკუთარ ხალხს სურს დარწმუნებული იყოს, რომ გააგრძელებენ გზას ევროპისა და ნატო-სკენ“, – განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, აშკარაა, რომ მოსახლეობას სურს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლა და ეს მოიცავს ევროკავშირს და ნატო-ს, რაც ჩანს გამოკითხვებში. როგორც ჯიმ ო'ბრაიენის აღნიშნა, ეს წერია თვით საქართველოს კონსტიტუციაშიც კი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და სწორედ ის პარტია, რომელიც ახლა იწვევს კითხვებს, არის ის პარტია, რომელიც რამდენჯერმე აირჩიეს თანამდებობაზე და მხარს უჭერდა ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის პოლიტიკას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კითხვა დაუსვეს, ცვლის თუ აშშ საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკას, რაზეც ჯიმ ო'ბრაიენმა უპასუხა, რომ საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა.
„ასე რომ, ვფიქრობთ, ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. ეს იყო ჩემი გასულ კვირას ვიზიტის მთავარი გზავნილი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს კონკრეტული კანონი, მის გარშემო არსებული რიტორიკა და მომიტინგეების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატო-ში წინსვლის არჩევანს. მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავისთვის დასახა. ვენეციის კომისია, ევროპის ორგანო, რომელიც კომენტარს აკეთებს ამ კანონებზე, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, იგივე აზრი გამოთქვა“, – აღნიშნა ჯიმ ო'ბრაიენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იძულებას, რადგან იმ კლუბის წესებით უნდა ითამაშო, რომელშიც გსურს მოხვედრა და განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია – როგორც წევრობაზე სწრაფვასთან, ისე რეალურად წევრობამდე მისვლასთან.
სანქციებზე საუბრისას, ჯიმ ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ პერსონალური სია არ გამოქვეყნებულა, რის უფლებასაც კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება არ იძლევა.
„მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ქმედებები, რომლებიც განსაკუთრებულად გვაწუხებს და ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პროცესებს, კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება. და, თუ როგორ მუშაობს ეს კანონი, ეს ეხება არამხოლოდ ოფიციალურ პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს. ეს არ არის იძულებითი ტაქტიკა. ეს არის განცხადება, რომ ჩვენს საზოგადოებაში თუ გსურთ, იყოთ, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამით, როგორიც არის, თუ სად დადიან თქვენი ბავშვები სკოლაში, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრივით მოქცევა. სულ ეს არის, რასაც ვამბობთ“, – განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ