გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის და კიდევ 10 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამასთან, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრა და იმის გაგება, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “ვის კითხეთ?”, “დაიცავი რაჭა”, “ჩვენ თუ გავჩუმდით ტყეები დაიწყებენ ლაპარაკს”, “ტყე ეკუთვნის ხალხს”, “გაუქმდეს ლიცენზია”, “შეწყდეს ეკოციდი რიონის ხეობაში”.
აგრეთვე, სოლიდარობის აქცია ქუთაისში მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.
საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”.
მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.
ასევე, 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს, შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!