რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ პატიმართან, დავით გუჯეჯიანთან დაკავშირებით „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ გუჯეჯიანი კლინიკაში 8 თებერვალს შეიყვანეს და მას გარეგანი დაზიანებები არ ჰქონია, თუმცა მძიმე, უგონო მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინვე მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში.
დავით გუჯეჯიანი სასჯელს გლდანის მე-18 დაწესებულებაში იხდიდა. დღეს ოჯახმა მის გარდაცვალებაში ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა – ისინი ვარაუდობენ, რომ გუჯეჯიანი ბადრაგებმა სცემეს.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა არაერთგზის. კონკრეტულ დიაგნოზზე მე თქვენ ვერ გესაუბრებით. საუბარია თერაპიული მიმართულების დაავადებებზე და, როგორც გითხარით, კლინიკაში არაერთხელ იყო შემოსული. ბოლოს შემოსულია შაბათს, 8-ში, 13:00 საათზე. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებოდა სრულფასოვანი მკურნალობა. იქ რაიმე სახის გარეგან დაზიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ნანახია პაციენტი მიმღებ განყოფილებაში, შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში. არანაირი სახის ტიპის დაზიანება მას სხეულის ზედაპირზე არ აღენიშნებოდა“, — ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
დავით გუჯეჯიანი 52 წლის იყო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა ჰქონდა და ეტლით გადაადგილდებოდა. გარდაცვლილის დედა, სვეტლანა გუჯეჯიანი ამბობს, რომ პატიმარი აქამდეც გამხდარა ძალადობის ობიექტი ბადრაგების მხრიდან. გუჯეჯიანის ოჯახმა წლების განმავლობაში, არაერთხელ მიმართა, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ისე სახალხო დამცველს.
“4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ მთელი ერთი საათი […] 6 რიცხვში, საღამოს, მირეკავენ პენიტენციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივამედშიო. რატომ, რა ხდება-მეთქი და მორიგი გამოკვლევებიო […] პირდაპირ გათიშული მიუყვანიათ [კლინიკაში], პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, ეგრე ხდება, უკვე რომ იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყვათ ვივამედში, რომ იქ გარდაცვალოს და ციხეს არ დაეწეროს”, – განაცხადა გარდაცვლილი კაცის დედამ, სვეტლანა გუჯეჯიანმა TV პირველთან საუბრისას.
სახალხო დამცველის აპარატში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, აქვთ ოჯახთან კომუნიკაცია და ელოდებიან მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას. რაც შეეხება საგამოძიებო სამსახურს, ჩვენ მათ ვკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარზე. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურსაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე გარდაცვლილის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდნენ. მათი თანხმობის შემთხვევაში, უწყება მზადყოფნას გამოხატავს, გაასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია დავით გუჯეჯიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ სამედიცინო პროცედურების შესახებ, რომლებიც პატიმარს წლების განმავლობაში პენიტენციურ სამსახურში ჩაუტარდა.
