გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წ.) შემდეგ, ილია მეორე ყველაზე დიდ ხანს იყო საპატრიარქო ტახტზე.ნეტგაზეთი გთავაზობთ ილია მეორის ბიოგრაფიას, რომელიც მომზადებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით.ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე. მას სახელი ირაკლი მამამ მეფე ერეკლე II–ის პატივსაცემად დაარქვა.გიორგი შიოლაშვილის ოჯახი სნოში ცხოვრობდა, თუმცა ბოლშევიკების დროს, 1927 წელს ოჯახი დროებით საცხოვრებლად ვლადიკავკაზში (ძაუგში) გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი. ამ ქალაქში XIX საუკუნის II ნახევრიდან არსებობდა მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან.ილია მეორე მრავალრიცხოვან ოჯახში გაიზარდა, ჰყავდა ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, – ასე იხსენებდა ილია მეორე ბავშვობის პერიოდს.„ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა–ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე“,- იხსენებდა ილია მეორე.1941 წელს, როდესაც ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, გიორგი შიოლაშვილმა ოჯახი შექმნილ საფრთხეს განარიდა და მშობლიურ სნოში ჩამოიყვანა.ომის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა განაგრძო ვლადიკავკაზის 22-ე სკოლაში, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლის გაგრძელება მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გადაწყვიტა.1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს გადაწყვიტა უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში,  ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა.18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს კი პატრიარქ მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა.თავად  ილია მეორე ასე იხსენებდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“.ილია მეორის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „1960 წლის 19 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ აღყვანილ ვიყავი იღუმენის ხარისხში, 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის პატივში“.1963 წლის 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სინოდის სხდომა, რომელმაც ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია შემოქმედელ ეპისკოპოსად გამოარჩია.ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა 1963 წლიდან მცხეთის სამოძღვრო კურსების ხელმძღვანელობა.1978 წლის 16 თებერვალს ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ იგი თავის საპატიო წევრად აირჩია. პატრიარქი მოსკოვში ვიზიტისას აუცილებლად სტუმრობს ხოლმე ზაგორსკის აკადემიას.1963–1967 წლებში მეუფე ილია მოღვაწეობდა შემოქმედის ეპარქიაში, ხოლო 1967 წლის 1 სექტემბრიდან  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.„საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია ერთ–ერთი ყველაზე რთული ეპარქია იყო. XIX საუკუნეში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის ეკლესიური ინტერესების განმტკიცებას. დაიწყო ეპარქიიდან ქართველი სასულიერო პირების გამოძევება და მათი რუსებით ჩანაცვლების პროცესი[…]ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე მხოლოდ 2 ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ეპარქიაში, 1975 წელს ისინი უკვე თორმეტნი გახდნენ. ეს იყო მეუფე ილიას შორს გამიზნული პოლიტიკა, ასეთ ვითარებაში აფხაზი სეპარატისტები ვერ მოახერხებდნენ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში თავისი მიზნების განხორციელებას“, – ვკითხულობთ ილია მეორის ბიოგრაფიაში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზეა გამოქვეყნებული.1969 წლის 17 მაისს პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.1977 წელს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა .