გარდაიცვალა ოთარ იოსელიანი

“ყველაზე, ყველაზე დიდი! 💔 კაცი რომელმაც შემაყვარა კინო! მშვიდობით მაესტრო! 💔 დიდი მადლობა ! 💔 !” ,  – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ედმონდ მინაშვილი.

ოთარ იოსელიანმა 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. 1953 წელს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა ს სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო.

1962 წელს დგამს მცირემეტრაჟიან ფილმს „აპრილი“, ხოლო 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“ (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.

1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს: 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ფილმი „შანტრაპა“.