გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“

28-წლიანი გამოცდილების მქონე პოლიციელმა, თან განყოფილების უფროსი ხართ, ნივთმტკიცება გარეცხეთ? – ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსს გიორგი ჯანიკაშვილს მიმართა.
მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. როგორც ჯანიკაშვილმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში მოხვდა, თან ისეთი სიმძიმით, რომ გონება დაკარგა და წაიქცა, შედეგად კი ნაკერები დაადეს.
ადვოკატი დაინტერესდა, დაისვარა თუ არა მისი სამსახურებრივი ფორმა სისხლით, რაზეც პოლიციელმა დადებითი პასუხი გასცა.
„გამომძიებელს წარუდგინეთ?“, – მიმართა ადვოკატმა ისევ ჯანიკაშვილს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა, სახლში რომ წავედი, გავრეცხე“, – განაცხადა პოლიციელმა.
აღნიშნულის შემდეგ, მას ავსაჯანიშვილმა კვლავ კითხვით მიმართა.
„28 წლიანი გამოცდილების მქონე პოლიციელმა, თან განყოფილების უფროსი ხართ, ნივთმტკიცება გარეცხეთ?“, – იკითხა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია „ფედერალისტები“ – სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში