განსხვავებული 26 მაისი გაგვითენდა – არა „ტრაფარეტული” დღესასწაული და „კალენდარული” ზეიმი, არამედ – ერის, მისი ისტორიის ცოცხალი გულისცემა

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
დავით ქართველიშვილი საზოგადოებას 26 მაისს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა ისევ მიმდინარეობს და საქართველოს ამჟამინდელი მოწინააღმდეგის ძალისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ეს არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ბრძოლა.
„ყოველდღე ვიღვიძებთ საომარ მდგომარეობაში ყოფნის სრული შეგრძნებით. უბრალოდ, „უცნაური”, მაგრამ ომია, რომელიც თითოეულის გაძლებაზე, ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, სულიერ სიმტკიცეზე გადის. ომი, რომლის უკან დასახევი გზა არ არსებობს. ომი, რომელსაც აუცილებლად მოიგებ, წინააღმდეგ შემთხვევაში – შენს ამ წუთისოფელში ყოფნას რაღა აზრი აქვს.
წელს სწორედ ასეთი, წინა წლებთან შედარებით, განსხვავებული 26 მაისი გაგვითენდა. არა „ტრაფარეტული” დღესასწაული და „კალენდარული” ზეიმი, არამედ – ერის, მისი ისტორიის ცოცხალი გულისცემა, რომლის შეჩერებას ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი გაერთიანებული მოწინააღმდეგე ნატრობს – ზოგი ნებსით და გააზრებულად, ზოგი – უნებლიედ და გაუაზრებლად.
საქართველოს ამჟამინდელი მოწინააღმდეგის ძალისა და მასშტაბის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენს ისტორიაში უპრეცედენტო ბრძოლა. ამ დღეებში ბრიტანეთიდან ჩემი მეგობარია ჩამოსული. უკანასკნელად ხუთი წლის წინ იყო აქ. მან ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები მითხრა – იცი, რა არის ის ძირითადი, რაც შეიცვალა თქვენში ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაშიო? საზოგადოებისა და მათ შორის, შენს თვალებში – საკუთარი ღირსების გამძაფრებული შეგრძნება ამოვიკითხეო. ეს არის ის, რაც ბრიტანეთში, ადამიანების მზერაში, დიდი ხანია, რაც ჩაქრა…
ალბათ, ეს ის იარაღია, რომლის წინააღმდეგ მოდერნიზებული მარიონეტობაც კი უძლურია. ეს ის იარაღია, ადამიანში უფლის მივიწყებულ ხატებასა და მსგავსებას რომ აღვიძებს და მასში უკვე სრული ძალით ფეთქავს დავით მეფსალმუნის უკვდავი მამოძრავებელი სიტყვა: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?”. გილოცავთ 26 მაისს, გილოცავთ რეალური დამოუკიდებლობის მოახლოებულ ჟამს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო- რომელს დავუჯეროთ?