განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა
განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა, ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ კონსტიტუციას ეკუთვნის.
„დღეს საქართველოში დიდებული დღეა, გვაქვს პატივი, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულობის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი. ზუსტად სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს, 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია. ამ დღიდან დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა , შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა – ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა, უპირველესად, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი.
„ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი. 30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტიტუციის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატიული წყობა და სამართლებრივი სახელმწიფო მყარ საფუძველზე დგას

ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება, რაც ასე უნდა გაგრძელდეს