განგაშის სიგნალი დევდორაკში — ევაკუირებულია სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შევიდა სასიგნალო შეტყობინება.
როგორც აცხადებს, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.
ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.
ამავდროულად პრევენციის მიზნით დაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.
დევდორაკის ხეობაში 2014 წელს მოვარდნილ ღვარცოფს მაშინ 7 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შემდეგ ხეობაში გაფრთხილების სისტემა დაამონტაჟეს.

ასევე დაგაინტერესებთ