განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წლის საქმიანობას აჯამებს.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს, ცენტრმა უცხო ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია პირველად განახორციელა.
„საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით, ცენტრში 2023 წელს დარეგისტრირდა მედიცინის 3 საგანმანათლებლო პროგრამა.
აკრედიტაცია სავალდებულო გახდა ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში ადგილობრივ დარგის ექსპერტებთან, დამსაქმებლებთან და სტუდენტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ, რომლებიც ექსპერტთა ჯგუფში მონაწილეობენ თავმჯდომარის სტატუსით;
დასრულდა ხელოვნების, თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია. საბოლოოდ, აკრედიტაცია გაიარა – 267 პროგრამამ და 48 კლასტერმა;
განხორციელდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. შემუშავდა სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტი;
ცენტრი არაერთ საერთაშორისო პროექტში იყო ჩართული, რომლებიც მიზნად ისახავენ, უნივერსიტეტებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესებას, უნივერსიტეტების მიერ მე-3 მისიის ფარგლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობების იდენტიფიცირებას, აკადემიური კეთილსინდისიერების და ეთიკის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, თანამედროვე სწავლა-სწავლების და შეფასების მეთოდების დანერგვას და სხვა;
გრძელდება აქტიური მუშაობა ცენტრის თემატური ანალიზის დოკუმენტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების განვითარებასა და დახვეწას;
ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველომ ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების თემატური ჯგუფის ( TPG A on QF) ღონისძიებებს უმასპინძლა. საქართველო, ავსტრიასთან და ლატვიასთან ერთად, ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფს (TPGA on QF) 2021 წლიდან თავმჯდომარეობს. ღონისძიებებს ესწრებოდა ბოლონიის პროცესის მონაწილე 25 ქვეყნის წარმომადგენელი;
ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ლატვიის აკადემიურ საინფორმაციო ცენტრთან (AIC). მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამშრომლობა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება. ასევე, თანამშრომლობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით;
დამტკიცდა უმაღლესი განათლების 12 დარგობრივი მახასიათებელი;
მომზადდა თემატური ანალიზის დოკუმენტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკრედიტების დანერგვისათვის;
ცენტრმა, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნის მიზნით, ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარებისთვის“ ექსპერტების მხარდაჭერით ეროვნული კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის კონცეფცია შეიმუშავა;
მომზადდა არაფორმალური განათლების აღიარების არსებული პრაქტიკის ანალიზის დოკუმენტი, რომლის მიზანია ეროვნულ დონეზე ზოგადი და პროფესიული განათლების ქვესისტემების მიხედვით აღწეროს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპების რეალიზების საკითხები არაფორმალური განათლების აღიარებასთან ბმაში;
გაიზარდა არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მქონე დაწესებულებების რაოდენობა და 2023 წლის ბოლოსთვის 11 დაწესებულებამდე გაიზარდა. შესაბამისად, არაფორმალური განათლების აღიარება ხელმისაწვდომია უკვე 11 სწავლის სფეროში;
ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხარდაჭერით დაიწყო პროფესიული განათლების ხარისხის შეფასება ევროპული ქსელის (EQAVET) ინდიკატორების გამოყენებით. ინდიკატორები ინტეგრირდა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ დოკუმენტაციაში;
საქართველოში პირველად, ცენტრის მხარდაჭერით დაინერგა თანამშრომლობით ვიზიტის (Peer Visit) პრაქტიკა, რომელიც ევროპის ქვეყნებში გამოყენებულია ეფექტური მექანიზმის ხარისხის განვითარების კუთხით. პირველ ვიზიტს სსიპ კოლეჯმა „მოდუსმა“, უმასპინძლა;
ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგების ციკლი;
გაიზარდა ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებულ სპეციალისტთა რაოდენობა და შეივსო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი;
2023 წლის დასაწყისში ამოქმედდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები და განახლებული პროცედურები;
შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი ექსპერტთა კორპუსი. ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ავტორიზაციის პროცესთან, ახალ სტანდარტებთან და შეფასებასთან დაკავშირებით;
დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა;
განახლებული რეგულაციების შესაბამისად, შემუშავდა მეთოდოლოგიური გზამკვლევები, რომლებიც გამოქვეყნდა ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის;
განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით 3 საჯარო და 6 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა ავტორიზაციის საპილოტე შეფასებები;
საგანმანათლებლო რესურს ცენტრების შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგები ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან და განახლებულ რეგულაციებთან დაკავშირებით;
განხორციელდა 300-ზე მეტი საჯარო სკოლის და 100-ამდე კერძო სკოლის ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება;
ეროვნულ უმცირესობებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა და ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge საჯაროდ განთავსდა საინფორმაციო მასალა მოსწავლეთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების თაობაზე. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ახალი კითხვარი ითარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე; კერძო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგები ავტორიზაციის ახალ, ოთხივე სტანდარტთან დაკავშირებით;
ჩატარდა 2023 წლის შემაჯამებელი კონფერენცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისთვის, განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით;
შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც არეგულირებს ავტორიზაციის პროცესს, განსაზღვრავს ავტორიზაციის სტანდარტებს და ადგენს შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის მოთხოვნებს;
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელმა 2047-მა დაწესებულება ან/და მომსახურების მიმწოდებელმა ინდივიდუალურმა მეწარმემ განახორციელა თვითშეფასება;
შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო და ჩამოყალიბდა ექსპერტთა კორპუსი;
მომზადდა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი;
მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, რომლითაც დაიფარა კერძო და საჯარო ბაღების, ბაღების გაერთიანებების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის გაძლიერების მიზნით და ავტორიზაციის პროცესის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიზნობრივი ტრენინგები ჩაუტარდა ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებს და ავტორიზაციის საბჭოს წევრებს;
ბაღების მხარდაჭერის ფარგლებში მომზადდა 5 მეთოდოლოგიური გზამკვლევი: ავტორიზაციის პროცესის გზამკვლევი, სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევი, ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, საკომუნიკაციო გეგმის შედგენის მეთოდოლოგია და კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი მექანიზმის შემუშავების მეთოდოლოგი;
შემუშავდა ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების შედეგების ანალიზის მეთოდოლოგია და მეთოდოლოგიის შესაბამისად გადამზადდნენ ანალიტიკოსები;
ცენტრმა უმასპინძლა ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპის 32 ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის 55 სააგენტოს წარმომადგენელმა , ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU), ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებმა და მათმა წარმომადგენლებმა;
ცენტრმა 2023 წელს დაასრულა მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრის სტატუსის განახლებისთვის. 2023 წლის ოქტომბერში განხორციელდა ENQA-ს ექსპერტების ვიზიტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომლის შედეგები 2024 წლისთვის გახდება ცნობილი;
ცენტრი INQAAHE-ს სრული წევრი გახდა. INQAAHE წარმოადგენს უმაღლესი განათლების შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესების გლობალურ პლატფორმას, რომელიც საერთო მიზნის გარშემოა გაერთიანებული, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით განავითაროს და ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
INQAAHE-ს წევრობა უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე ცენტრის ცნობადის გაზრდას და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით.
ქსელში გაწევრიანებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაძლებლობა მიეცა ითანამშრომლოს ხარისხის უზრუნველყოფის 300-ზე მეტ სააგენტოსთან, რომლებიც უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ;
საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, ცენტრმა გააფორმა მემორანდუმები გერმანიის საერთაშორისო ბიზნესადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდთან (FIBBA), სომხეთის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოსთან (ANQA); მოლდოვის განათლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოსთან (ANACEC) და ლატვიის აკადემიურ საინფორმაციო ცენტრთან (AIC);
2023 წლის 15 მარტს საქართველო გახდა 22-ე პარტნიორი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტს. EQPR არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ლტოლვილების სწრაფ ინტეგრაციას ახალ საზოგადოებაში. ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტი სტანდარტიზებული დოკუმენტია, რომელიც გაცემულია ევროპის საბჭოსა და პარტნიორების მიერ განხორციელებულ პროექტში და შედგება შეფასებისა და განმარტებითი ნაწილისგან;ERASMUS+-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ცენტრმა უმასპინძლა ვებინარს – სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების მეთოდებზე. მისი მიზანი იყო აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერით ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარება; განხორციელდა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა შემდეგი 5 მიმართულებით:
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების “ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა” და “სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან” შესაბამისობაში მოყვანის მიზნებისათვის განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის პროცესი;
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ადმინისტრაციულ-ფინანსური მხარდაჭერის სერვისი;
საკონსულტაციო სერვისი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის მიმართულებით;
ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ადმინისტრაციული მხარდაჭერის სერვისი.
კვლევის შედეგები დადებით ტენდენციას უჩვენებს;
ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (ESTDEV) და ცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის სისტემის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში.
პროექტი წარმატებით განხორციელდა, რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს 15 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. ამასთან, პროექტის ფარგლებში, შემუშავდა 6 სარეკომენდაციო გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შიდა ხარისხის განვითარების მიმართულებით;
GEC საკონსულტაციო კომპანიისა და USAID ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება ბიზნესპროცესების განვითარების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება ცენტრს ორგანიზაციაში პროცესების მართვის თანმიმდევრული და მდგრადი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
სტრუქტურირებული საოპერაციო სახელმძღვანელო დაეხმარება ცენტრს შეინარჩუნოს ინსტიტუციური ცოდნა და მეხსიერება, შეამციროს მომსახურების მიწოდების დრო და გააუმჯობესოს ხარისხი.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, გადაიხედა და ოპტიმიზება განხორციელდა ცენტრის ბიზნესპროცესების, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის შიდა ხარისხის კიდევ უფრო განვითარებას;
ცენტრმა 2023 წელს, 23 000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს გაუწია ხარისხიანი მომსახურება საგანმანათლებლო სერვისების მიმართულებით;
ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი და მომავალი თანამშრომლებისათვის შეიქმნა ვიდეო გაკვეთილები და PDF სახელმძღვანელოები;
შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების სახელმძღვანელო;
ცენტრის მიერ მომზადებულმა საპროექტო განაცხადმა გაიმარჯვა ლისაბონის კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში.
პროექტის იმპლემენტაციის ფარგლებში, განხორციელდა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა განათლების აღიარების საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა, შეფასდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა და შემუშავდა გზამკვლევი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჩართული მხარეებისათვის. ჩატარდა ტრენინგები, მომზადდა საინფორმაციო ბროშურები პოტენციური განმცხადებლების ინფორმირების მიზნით;
განმავითარებელი შეფასების განხორციელების მიზნით, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემა;
მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ჩატარდა ტრენინგი ეფექტიანი მომსახურების სერვისის (სერვის+) მიმართულებით;
შემუშავდა და დაამტკიცა შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის პოლიტიკასთან თავსებადობას;
ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა და ტექნიკურად აღიჭურვა იურიდიული პირების მომსახურების დამოუკიდებელი სივრცე;
ცენტრის შენობა სრულად აღიჭურვა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე მოწყობილობებით და აპარატურით. დამონტაჟდა სახანძრო სიგნალიზაციის, ავარიული განათების და გახმოვანების თანამედროვე სისტემები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.