განათლების მინისტრი – 840 სკოლაში თავად სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს ის დირექტორები, ვინც თავად სურდათ, არც ერთი დისკრეცია, ჩარევა და მითითება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა

840 სკოლაში თავად სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს ის დირექტორები, ვინც თავად სურდათ. არც ერთი დისკრეცია, ჩარევა და მითითება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა – მე არ ავდგები და არავის დისკრეციით არ დავნიშნავ. უზრუნველვყოფ სამართლიან, გამჭვირვალე, ინკლუზიურ კონკურსს ყველასთვის, მათ შორის, ამ ადამიანებისთვისაც, ვინც ახლა აპროტესტებს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც ის საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 2-3 კაცის პროტესტი იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ 2-3 კაცის გამო ვერ გადაეწყობა მთელი სისტემა.
„სამჯერ თუ ოთხჯერ შევხდით, ჩვენი წარმომადგენლები და მეც თავად შევხვდი მათ. კონკურსი რომ ტარდება, ბუნებრივია, ვიღაც გარეთ დარჩება და ალბათ, ეს განაწყენებული ადამიანები არიან, თუმცა სამართლებრივი დავის და პროტესტის საფუძველი ყველას აქვს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ და დღესაც პრეზენტაციაზე ვთქვი, 840 სკოლაში თავად სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს ის დირექტორები, ვინც თავად სურდათ. არც ერთი დისკრეცია, ჩარევა და მითითება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ახლო მომავალში, ამას არ დასჭირდება თვეები, მომზადება, პროცესი – გაცილებით უფრო ინკლუზიურს, გამჭვირვალეს, სამართლიან კონკურსს გამოვაცხადებთ, სადაც ვისაც სურვილი აქვს და არ აქვს სერტიფიცირება, შემოვიდეს და მიიღოს სერტიფიცირება, ხოლო ვინც სერტიფიცირებულია, აბსოლუტურად, ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ ფართო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, სკოლებს წარვუდგინოთ კანდიდატები და თავად სასკოლო საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მათი დირექტორი და ჩემგან დისკრეცია არ იქნება გამოყენებული, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ეს პროცესი დაიწყება უახლოს მომავალში, სადღაც ერთი თვის პერიოდში.
პოლიტიზირება იცით რა არის? ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი ადამიანის პროტესტი და მე ახლა ხაზს არ ვუსვამ ამას, ორი თუ სამი კაცი აპროტესტებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთიც რომ იყოს, ეს მნიშვნელოვანია. შეხვედრის არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ შეხვედრა იყო და იმის საფუძვლებს ვერ ვხედავთ ახლა… მე არ ავდგები და არავის დისკრეციით არ დავნიშნავ. უზრუნველვყოფ სამართლიან, გამჭვირვალე, ინკლუზიურ კონკურს ყველასთვის, მათ შორის, ამ ადამიანებისთვისაც, ვინც ახლა აპროტესტებს.
რაც შეეხება პოლიტიზირებას, პოლიტიზირებული არის პროცესი ჩვენი ოპონენტების მხრიდან და მათი სატელიტი მედიასაშუალებების მხრიდან, რომელთაც არ მოსწონთ ის სიახლეები და პოზიტივები, რომელიც ბოლო თვეებში სამინისტროდან განათლების სისტემაში მოდის. ყველაფერში, მათ შორის, ხელფასების ზრდაში, ასევე, სტუდენტებისთვის სტიპენდიების ზრდაში და მსგავს საკითხებს აკრიტიკებენ, ოღონდ თავად არ აქვთ არგუმენტები და საფუძვლები.
ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ორკესტრირებულად მართული, ვინაიდან როგორ შეიძლება არ გიხაროდეს და არ გინდოდეს 50 000 მასწავლებლისთვის ხელფასის გაზრდა, ათიათასობით სტუდენტისთვის სტიპენდიის გაორმაგება და ვალების ჩამოწერა, და ის საკითხები, რომელიც ახლა მე დავაანონსე პრეზენტაციაზე. ამიტომ პოლიტიზირებას ახდენენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ, სასკოლო საზოგადოება, მასწავლებლები, დირექტორები, ჩვენს ნაბიჯებს აფასებენ პოზიტიურად, ყველაფერს უყურებენ გაგებით, იციან, რომ ეს არ არის იოლი გზა და არის რთული გზა. შესაბამისად, 2-3 კაცის პროტესტი, რა თქმა უნდა, იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ 2-3 კაცის გამო ვერ გადაეწყობა მთელი სისტემა“, – გაცხადა ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს