განათლების ექს-მინისტრი ამილახვარი IBSU-ს კონსულტანტად დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დატოვა თანამდებობა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU-ს) კონსულტანტად დაინიშნა.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობების თანახმად, ამილახვარი რექტორად დაინიშნა, თუმცა უნივერსიტეტმა ეს ინფორმაცია უარყო. IBSU-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამილახვარი უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა.
ამავე განცხადების თანახმად, უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, „ამბიციური გეგმები აქვს“, ხოლო ამილახვარს „საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია“.
უნივერსიტეტის თანახმად, გიორგი ამილახვარი, როგორც „დარგის პროფესიონალი“, უნივერსიტეტს „დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში“.
გიორგი ამილახვარი მინისტრის პოსტიდან 28 სექტემბერს გადადგა. ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო“.
„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა“, – თქვა მან და „ქართული ოცნების“ ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
გიორგი ამილახვარი, – პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, – 2023 წლის 20 მარტიდან დაინიშნა მინისტრად და მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. ამილახვარი კი 2 ოქტომბერს ჩაანაცვლა ალექსანდრე წულაძემ.
„შავი ზღვის უნივერსიტეტი“, რომელიც წლების განმავლობაში „ჩაღლარის ქსელის“ ნაწილი იყო, 2023 წლის შემოდგომაზე გაიყიდა. მისი მფლობელია კახა შენგელია, რომელიც ამავე დროს „კავკასიის უნივერსიტეტის“ დირექტორია.