განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში პატრიოტიზმის ამაღლებას, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ტრადიციების, კულტურის, ოჯახის ფასეულობების კუთხით – ირაკლი ღარიბაშვილი

განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში პატრიოტიზმის ამაღლებას, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ტრადიციების, კულტურის, ოჯახის ფასეულობების კუთხით –
2004 წელს იქნა მიღებული განათლების ეროვნული მიზნები და მას შემდეგ არ განახლებულა, საჭიროა ახალი ხედვის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.
„განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახის ფასეულობების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 2004 წელს წარმოდგენილი იყო ახლებური ხედვა, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, სურდათ ახალი ადამიანის გამოყვანა, იყო მცდელობა, შეეცვალათ ეროვნული იდენტობა, რაც იყო უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა.
„საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო. დღეს პატივი გვაქვს, წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა და სტრატეგია, როგორ ესახება მთავრობას და სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარება. მოგეხსენებათ, გიორგი ამილახვარმა მინისტრად დანიშნვნისთანავე აქტიურად დაიწყო მუშაობა, დაამუშავა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, წარმოადგინა თავისი ხედვა, სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, სხვა სიმაღლეზე განათლების ყველა საფეხური და როგორ უნდა წავიწიოთ წინ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, გამოწვევები კვლავაც რჩება სისტემაში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ეს ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული. მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად მოანგრიეს მთელი სისტემა და ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე, ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ. მე ასევე ვიტყოდი, რომ, რეალურად, ეს იყო მცდელობა, შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა და ა.შ. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი და, ვიტყოდი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, არაერთმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები წარმოიწყო, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. ჩვენს მინისტრს, გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი ხედვა, კარგად გააზრებული. ჩვენ ძალიან აქტიურად, მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხების გადაწყვეტაზე. ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი განათლება და ეს რჩება დღეს ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.