განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. კამათი „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციას უკავშირდება.
შელაპარაკება რომან გოცირიძესა და უმრავლესობის წევრ გიორგი სოსიაშვილს შორის, ასევე გოცირიძესა და დავით ზილფიმიანს შორის მოხდა.
კანონპროექტი უმრავლესობის წევრებმა და კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ გააკრიტიკეს. მიქანაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი კანონპროექტის წამოწევა შეურაცხმყოფელია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ზოგადად ქართული მეცნიერების.
გოცირიძის ინიციატივა გააკრიტიკა ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა და ჰკითხა, „ეს მისი ინიციატივაა თუ დავალება“, ასევე დაინტერესდა, რატომ არ ჰქონდა თავად ინფორმაცია ამ ინიციატივის თაობაზე.
„რას ნიშნავს დამავალა, დავალება შენსკენ მოიკითხე“,- მიმართა გოცირიძემ ზილფიმიანს. რაც შეეხება ინფორმაციას კანონპროექტზე, გოცირიძემ მას უპასუხა, რომ პროექტი დიდი ხნის წინ იყო ბიუროზე წარდგენილი.
რომან გოცირიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაახსენა უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და აღნიშნა, რომ „იმ ძველი 9 – წლიანი პერიოდის საშინელ მეტასტაზებს კიდევ ვხედავთ“.
„იმის ნაცვლად, საუბარი გვქონდეს ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასებაზე, ლაპარაკი რაზეა?! იმ ძველი 9 – წლიანი პერიოდის საშინელ მეტასტაზებს კიდევ ვხედავთ და საუბარია შენობის გადაცემაზე, ხელფასების გაუქმებაზე,“- განაცხადა სოსიაშვილმა.
გოცირიძე დაინტერესდა, რა პერიოდში საქმიანობდა ის მეცნიერებათა აკადემიაში.
„რეებს იძახით? როდის იყავით მეცნიერებათა აკადემიაში? მეტასტაზები თქვენს რესურს ცენტრში არ იყო?! კორუფციულ რესურს-ცენტრებში?“- მიმართა გოცირიძემ სოსიაშვილს.
სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ გოცირიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
„ისე ნუ მაიძულებთ მომხსენებლის გარეშე დარჩეს სხდომა. მოუსმინეთ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ რეგლამენტი გვავალდებულებს მოუსმინოთ, შეიძლება არც ჩვენ მოგვწონს რაღაც, მაგრამ გისმენთ”, – მიმართა მიქანაძემ გოცირიძეს.
გოცირიძის აღნიშნულ ინიციატივას განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
ცნობისთვის, დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციას სთავაზობდა.
გოცირიძის ინიციატივით პარლამენტს “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, საქართველოს აკადემიებს საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვეღარ მიიღებენ ანაზღაურებას აკადემიის ის წევრები, რომლებიც შესაბამის სტატუსს კანონის პროექტის ძალაში შესვლის შემდგომ შეიძენენ.