„გამჭვირვალობის“ კანონის ინიციირებისას, „შავი ფულის“ კონტროლზე აქცენტირებით მთავრობა საკუთარ უსუსურობას უსვამს ხაზს – ლევან ალაფიშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიციირებისას „შავი ფულის“ კონტროლზე აქცენტირებით მთავრობა საკუთარ უსუსურობას უსვამენ ხაზს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც საერთო ეროვნული და სახელმწიფოებრივი გამართლება ამ კანონის ხელახლა ინიციირებას არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს „შავი ფულის“ კონტროლს, რომელიც შესაძლოა არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდეს. ჩვენს კითხვაზე – რამდენად რეალურია ეს არგუმენტი, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომ „თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების არც ერთი მექანიზმი და ქვეყანა ტერორიზმის და ნარკოტრეფიკის ტრანზიტის სავანეა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“.
„მთავრობის წარმომადგენლები ამ არგუმენტზე მითითებით ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ უსუსურობას უსვამენ ხაზს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების არც ერთი მექანიზმი, არც სუს-ი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშაა, არც საზღვარი არსებობს და არც არაფერი და საქართველოში არის „შავი ფულის“ და აქედან გამომდინარე – ტერორიზმის და ნარკოტრეფიკის ტრანზიტის სავანე. ამ განცხადებით ამას ამბობენ ამით. რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის და მე არ ვეთანხმები. როცა ამბობენ „შავი ფული“, უნდა თქვან, რომელი „შავ ფული“ და თვითონ სად არიან ამ დროს, თავიანთი პასუხისმგებლობა სად არის? ინსტიტუტებისგან – სუს-ისგან, ან შემოსავლების სამსახურისგან, ეროვნული ბანკისგან ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან მოგისმენიათ, რომ ამ კანონის არ არსებობს მათ ხელს უშლის მუშაობაში? არ მოგვისმენია. ანუ პრობლემა არ არსებობს. ეს პრობლემა რეალურად რომ იყოს, ასეთი კანონი უკვე მიღებული იქნებოდა“, – განმარტა ლევან ალაფიშვილი.
მისი თქმით, ეს კანონი ერთადერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი წინასაარჩევნოდ ოპონენტების გაშავებაა.
„ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ – წინასაარჩევნო მიზანს ემსახურება. სურთ, რომ მოახდინოს ოპონენტების გაშავება. 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია თუ გახსოვთ – პირველ და მეორე ტურს სისხლიანი ბანერები რომ გამოფინეს და საზოგადოების მაქსიმალურ პოლარიზაციას რომ ცდილობდნენ? ამისთვის იღვწის ახლაც ქართული ოცნება. ამ საკითხს დღეს არ დაამთავრებენ, მაქსიმალურად გაწელავენ, კანონპროექტს 3 მოსმენით განხილვა უნდა. ამის შემდგომ ე.წ. კონსტიტუციური ცვლილებები და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი აქვთ დარეზერვებული და ასე დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, საზოგადოების სახიფათო პოლარიზებით, ქართული ოცნება შეეცდება, გაიმეოროს ამ შემოდგომაზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოცემულობა და ამის ხარჯზე შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე