აუდიტმა აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სააღსრულებო კანონმდებლობაში გამოწვევებზე მიუთითებს.
აუდიტის შეფასებით, ბიუროში არსებული მონიტორინგის სისტემით არ ხდება დეტალური მონაცემებით აღმასრულებლების წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკის წარმოება.
ბიურო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, ყველა სააღსრულებო მოქმედების შესახებ მონაცემები დაამუშაოს პროგრამის გამოყენებით. საჭირო მონაცემების არარსებობის პირობებში კი, საქმეებზე მონიტორინგი არასრულყოფილი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს აღსრულების დროში გახანგრძლივებისა და არაეფექტიანი წარმოების გამოწვევი მიზეზების სრულ იდენტიფიცირებას.
აუტიდის დასკვნით, მონიტორინგის სისტემის ფარგლებში, აღმასრულებლის მიერ პერიოდულად საქმეთა ნუსხის წარმოუდგენლობა და შესაბამისად, თითოეულ საქმეზე განხორციელებული ქმედებებისა და შემაფერხებელი გარემოებების ანალიზის არარსებობა, იწვევს წარმოების მიმდინარეობის შესახებ არასწორ აღქმას და შემდგომი ქმედების განუხორციელებლობას.
დოკუმენტის თანახმად, მოწოდებული რეესტრი სრულყოფილად ვერ ასახავს ბიუროს წარმოებაში არსებული საქმეების შესახებ ინფორმაციას და ვერ ჩაითვლება სრულად და სანდოდ. საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გადაამოწმოს ყველა საქმის რეალური სტატუსი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
აუდიტი წერს, რომ ბიუროს განცხადებით, დაწყებულია ქმედებები აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.
რეკომენდაცია: სააღსრულებო საქმეების მიმდინარეობაზე ეფექტიანი მონიტორინგის, კერძოდ, აღსრულების პროცესში განხორციელებული ქმედებებისა და შემაფერხებელი გარემოებების გონივრული პერიოდულობით ანალიზის განხორციელების მიზნით, ბიურომ უნდა უზრუნველყოს თითოეული მიმდინარე და დასრულებული საქმის მონაცემების გადამოწმება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ასევე შეიმუშაოს ფორმა, რომელშიც მოცემული იქნება საქმეებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია.
სახელმწიფო აუდიტი მიუთითებს ზოგიერთი კატეგორიის საქმეზე აღსრულების წესების გამოწვევებზეც:
იძულებითი აღსრულების პროცესის ეფექტიანი წარმართვისთვის მნიშვნელოვანია აღსრულების განხორციელების უფლებამოსილი პირების იმგვარი უფლებამოსილებით აღჭურვა, რომელიც მოვალის მიერ ნებაყოფლობით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული შედეგის დადგომას.
აღნიშნული მიმართულებით გამოვლინდა შემდეგი გამოწვევები: მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოსწორების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების ჩატარებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საქმეებში − ბიუროს მიერ განხორციელებული იძულებითი აღსრულების პროცესი შემოიფარგლება მხოლოდ მოვალისათვის ინფორმაციის მიწოდებით.
სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციაა: ბიურომ იმსჯელოს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე იმ ტიპის სააღსრულებო წარმოებებისთვის, რომლებშიც იძულებითი აღსრულების ღონისძიებები შემოიფარგლება მხოლოდ მოვალესთან კომუნიკაციით.
