მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), რომელიც ჰააგაშია განთავსებული, არ გამოიყენა დროებითი ზომა, რომლითაც ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას დაავალდებულებდა.
„ენ-ბი-სის“ ცნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა მათმა სამხედროებმა არ ჩაიდინონ გენოციდური ქმედებები პალესტინელთა წინააღმდეგ, დაუშვას სექტორში სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება და არ გაანადგუროს არანაირი მტკიცებულებები საქმის ფარგლებში.
საქმე, რომელზეც საუბარი მიდის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ დაიწყო – ისრაელი პალესტინელთა გენოციდში დაადანაშაულა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სასამართლოს სთხოვდა, ისრაელისთვის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა დაევალდებულებინა მანამ, სანამ თავად საქმის არსის განხილვაზე გადავიდოდა.
სასამართლოს პრეზიდენტმა, ჯოან დონოგმა განაცხადა, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მიღებული ზომები განპირობებულია ღაზაში კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებით, რომლის გაუარესების რისკიც არსებობს.
რაც შეეხება თავად საქმეს, სასამართლომ განაცხადა, რომ მას წარმოებაში მიიღებს, ვინაიდან ისრაელის ზოგი ქმედება, შესაძლოა, ხვდებოდეს გაეროს გენოციდის კონვენციით გათვალისწინებულ ქმედებებში.
7 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 26 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 5 ათასზე მეტი ბავშვია. ეს ნიშნავს, რომ 7 ოქტომბერს დაწყებულ ოპერაციას ღაზაში ამ დრომდე დაახლოებით ყოველი მე-100 ღაზელი ემსხვერპლა.
ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული და უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღაზაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებსა და ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე.