გამოქვეყნებამდე ოცნებამ დასკვნის კომენტარზე უარი გვითხრა – ვენეციის კომისიის წევრი

ამერიკის ხმა ვენეციის კომისიის წევრის, დევიდ ქეის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც რუსულ კანონთან დაკავშირებული დასკვნის თანაავტორი აცხადებს, რომ დასკვნაზე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს რუსული კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით, ქართულმა ოცნებამ კომისიას კომენტარები არ გაუგზავნა.
“პროცესი ასეთია – ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა – სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?
ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი [ქართული ოცნება] არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა”. – თქვა ინტერვიუში ქეიმ.
“კანონი იმდენად ფართოდ პრობლემურია, რომ კომისია უბრალოდ მოითხოვს, რომ კანონი გაუქმდეს”. – აღნიშნა ქეიმ ამერიკის ხმასთან ინტევიუში.
“ვენეციის კომისია, განიხილავს კანონებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ის კანონებს აფასებს, როგორც წესი, ავრცელებს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაცვლელი რაიმე იმისთვის, რომ [ეს კანონი] იყოს შესაბამისობაში, მაგალითად ადამიანის უფლებების კანონთან, კონსტიტუციონალიზმთან, ან დემოკრატიასთან. ზოგჯერ კანონი იმდენად ფართოდ პრობლემურია, რომ კომისია უბრალოდ მოითხოვს, რომ კანონი გაუქმდეს. სწორედ ეს მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში”. – თქვა კომისიის წევრმა.
ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ქართული ოცნების განცხადებებს იმის შესახებ, რომ რეკომენდაცია პოლიტიზირებულია და ვენენციის კომისიას დააწერინეს, თითქოს საქართველოში გამჭვირვალობის ქონა კარგი არაა. დევიდ ქეიმ განმარტა, რომ კომისიის დასკვნა სინამდვილეში განიხილავს იმას აწესებს თუ არა კონკრეტული კანონი სტიგმას ორგანიზაციებისთვის.
“ამ პროცესში ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რა თავისუფლებები დგება გამოწვევის წინაშე. ეს თავისუფლებებია: გამოხატვის, შეკრებისა და თავშეყრისი. ასევე – სამოქალაქო საზოგადოების უფლებები, ორგანიზაციების უფლებები, მოიზიდონ ფონდები და ა.შ ეს ყველაფერი უკვე ბევრი წელია, რაც ადამიანის ძირითად უფლებებადაა განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის მიერ.
ამავდროულად, სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ შეზღუდვები იმ მიზეზების გამო, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს იმას, რასაც ჩვენ განვიხილავთ კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის, ასევე ლეგიტიმურობის ჭრილში. [ვენეციის კომისიის] მოსაზრება ძალიან ფრთხილად განიხილავს ყველაფერს ამ ჩამონათვალის შესაბამისად და მაგალითად, უყურებს იმას, რა სათაური აქვს კანონს, აწესებს თუ არა ის სტიგმას ორგანიზაციებისთვის, ის განიხილავს დაფინანსების 20%-იან შეწყვეტას და მის შესაბამისობას ამ სტიგმატიზაციასთან და ა.შ. ასე რომ, ეს არ არის პოლიტიკური [შეფასება]. ეს არის ერთგვარი სამართლებრივი ანალიზი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა [დამცველ] კანონმდებლობაზე”. – აღნიშნა დევიდ ქეიმ.
ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა 21 მაისს გამოაქვეყნა.
კომისია დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს რუსული კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით.
“მისი [კანონის] ფუნდამენტური ნაკლოვანებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისთვის, საჯარო საკითხებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთის მიმართ”. – წერია დასკვნაში.
ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისია ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში უკვე დაადანაშაულა.
მმართველი პარტიის დეპუტატმა, სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია.