გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 7 თვეში 4 568 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 5 აპრილამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა – მონაცემები ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ს, სტატისტიკას ასახავს.

“ყველაზე მეტი – 2107 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 977 სამართალდარღვევა აღირიცხა ქუთაისში, 812 – ბათუმში და 672 – რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4568 სამართალდამრღვევიდან 3 955 – ფიზიკური პირია, ხოლო 613 – იურიდიული პირი.
2 767 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1 575 – მიკროავტობუსის, 225 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი – ავტობუსის მძღოლის სახელზე” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.