უკრაინელების 44%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების დრო დადგა,გამოკითხულთა 35% -წინააღმდეგია, 21%-ს – პასუხის გაცემა უჭირს, – აღნიშნული მონაცემები „რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის 49%-ი მშვიდად მიიღებს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია და მხოლოდ 35%-ს შეადგენს. ქვეყნის აღმოსავლეთში მოლაპარაკებების დაწყება გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს სურს.
კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2022 წლის ოქტომბრის ბრძანება, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, კვლევის მონაწილეთა 32%-მა დადებითად უპასუხა. 37%-ს მიაჩნია, რომ ეს დადგენილება, შესაძლოა, ძალაში დარჩეს.
ამავდროულად, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ უნდა დაეთანხმოს ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო“ პირობებს. გამოკითხულთა 83%-მა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებიდან. გამოკითხულთა 77%-ი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქციის მოხსნას, გამოკითხულთა 58.5%-ი არ ეთანხმება უკრაინის კონსტიტუციაში ნეიტრალური და არაბირთვული ქვეყნის სტატუსის დამატებას. 22%-ი კი მზადაა ასეთი ნაბიჯისთვის.
უკრაინელების უმრავლესობა, 76%-ი, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მშვიდობა მხოლოდ საკუთარი პირობებითაა დასაშვები. 47%-ს მიაჩნია, რომ პუტინი “მზადაა ვაჭრობისთვის”, რადგან ომი რუსეთის ეკონომიკას ძალიან ძვირი უჯდება.
„რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვა უკრაინული გამოცემის, ZN.UA-ს (“კვირის სარკე”) დაკვეთით ჩაატარა.