მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამბობს, რომ UFC-ის ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს. ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამ თემაზე საუბრობს.
“ტელევიზია რომაა საქართველოში, მოჩხუბარი პარტნიორი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნიორს ვეჩხუბები, “ვებოქსავები” ოღონდ, ისე არა. “ვებოქსავები”, გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი და “ვებოქსავები”, ბებერი ავთანდილა ხურციძე და დავცხოთ.
მაგრამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხდება. ამას დრო დასჭირდება, ერთი წელი მაინც. ამ ერთ წელიწადში კიდევ რაღაცებს გავაკეთებ და სარეიტინგო ბრძოლას….
არც მაგის ქამარი მინდა და არაფერი, ერთ ათ რაუნდიან ბრძოლაში ვეჩხუბები,
თუ გინდა, 12 იყოს. კი არ მივა მანამდე ჩხუბი, მანამდე მოვტეხავ მაგას კისერს. გავთიშავ, ოღონდ კრივში, გპირდებით, რომ გავთიშავ და ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ საყურებელი.
კი, მართალია ჩემს ჩხუბს არ აჩვენებენ საქართველოში, მაგრამ მერაბს ხომ აჩვენებენ საქართველოში და გამოვჩნდები მეც”, – ამბობს ხურციძე.
ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძემ, რომელიც აშშ-ში პატიმრობაში იმყოფებოდა. ხურციძემ “ფეისბუქის” გვერდზე რამდენიმე თვის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მერაბის შესახებ საუბრობდა:
“ამბობთ, მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე მუშაობდაო. ვიცი, რომ მშენებლობაზე მუშაობდა და ამით რა? მე თუ არ ვმუშაობდი, ე.ი. რეკეტიორი ვარ? ახლა მუშაობის ნებართვა არ მაქვს და კანონდარღვევად მეთვლება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თუ სხვანაირად მოვიპოვებ იმას, რაც უნდა მოვიპოვო, რა პრობლემაა. რინგზე რომ ვიჩხუბო, არ შეიძლება?! და მეორე თემა, თქვენც რომ იცოდეთ, პროკურატურამ და სხვებმა ეს უკვე იციან, რაც ბრალდებაში მქონდა, ხმოვანი თუ ვიდეო მტკიცებულება, მერაბ დვალიშვილი ყველგან იყო. სასამართლოში დვალიშვილის ყველა ვიდეო გამოიტანეს“, – ამბობდა ვიდეოში ხურციძე.
მაშინ მერაბმა ხურციძეს ასე უპასუხა:
“მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არც ერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში.
ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე”, – წერდა დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
ambebi.ge