გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა. – „ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“

ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლით აქვს წარდგენილი.
დავით ხომერიკმა, მოსამართლეს, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე უთხრა:
პირველ რიგში, თედოს ამბავი ძალიან გამიხარდა, თედოს ნაჩუქარი სამაჯურია ეს, ხელზე რომ მიკეთია, სხვათა შორის. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველანი, სადაც სიმართლე დასჯადია. ჩვენ ამ ბრძოლაში რახანია ერთად ვართ საერთო ღირებულებების გამო – ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. გზა ამ
მიზნისკენ ეკლებითაა სავსე, მას თავისუფალ სამშობლომდე მივყავართ. არ მესმის, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები სიმართლისთვის ბრძოლის გამო?!
მუსიკა და ხელოვნება აღმოჩნდა ჩემთვის ის მთავარი რამ, რითიც გამოვხატავდი ჩემს პროტესტს. მჯერა, მუსიკა მშვიდობის მთავარი ინსტრუმენტია. პროტესტს სულ მშვიდობიანად გამოვხატავდი, მუსიკით ხშირად. ყველაფერი გავრილოვის ღამეს დაიწყო – სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ ხალხს, დაზიანდნენ ჩემი მეგობრები, ამან წარუშლელი კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე – აქ იკვეთება ს როლი, ის დღემდე გვებრძვის სხვადასხვა ფორმით. გავრილოვის ღამემ ჩემი პროტესტის შეგრძნებებსა და განცდებში მთავარი როლი ითამაშა. არაერთი დარბევის მომსწრე გავხდი – მთავრობა დაუპირისპირდა მშვიდობიან მოქალაქეებს ძალადობით.
ჩემი თითქმის 9-თვიან პატიმრობასა და პროკურატურის შეკერილ საქმეზე გეტყვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ვიდოემტკიცებულება, არ არსებობს მომჩივანი, დაზარალებული, რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდიო – არც ვიცი, რაზეა ლაპარაკი. პატივცემულო მოსამართლე, მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ, თქვენც გაძალებენ, აქციაზე დაკავებული ხალხი ციხეში გაუშვათ. თუმცა, გთხოვთ, იყავით სამართლიანი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს მიმართ ნდობა”- თქვა სინდისის პატიმარმა და დასძინა: „ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“