სერია A-ს 24-ე ტურში “მილანმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” თავკაცმა ვალტერ მაცარიმ Dazn-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.
“წინასწარ ვიცოდით, რომ ტეო ერნანდესი შეტევაში ხშირად ჩაერთვებოდა. ამისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. ამიტომ შეცდომა არ უნდა დაგვეშვა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და მეტოქეს ვაჯობეთ. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით.
იმედი მაქვს, ოსიმენი კარგი განწყობით დაგვიბრუნდება. ანგისამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება. ოსიმენი ძალიან გვაკლია.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ვიცოდი, რომ მეტოქე ქართველზე სამმაგ
მეურვეობას დააწესებდა. ამიტომ ხვიჩა მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში სივრცეების პოვნას ცდილობდა. საჭიროა, რომ მეტად დავეხმაროთ, რადგან გალიაში გამომწყვდეულივით იყო, მისმა თანაგუნდელებმა უფრო ხშირად უნდა შეძლონ, რომ სწორ პოზიციაზე მონახონ.
“კვარას” პოზიცია? გასულ კვირასაც იგივე გავაკეთე და საქართველოს ნაკრებშიც ამ პოზიციაზე თამაშობს. ასე ხვიჩა უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ”, – განაცხადა მაცარიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. “პარტენოპეი” 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.