გაიხსნება თუ არა სუს-ის ექს-შეფის სასამართლო პროცესი – გრიგოლ ლილუაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრება

გრიგოლ ლილუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება – სუს-ის ექს შეფის ეტაპირება რუსთავის ციხიდან ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ახლა მთავარი კითხვაა, გახსნის თუ არა მოსამართლე ნატო ხუჯაძე პროცესს საქმეზე, სადაც ერთ დროს ივანიშვილის სანდო კაცს უკანონო “ქოლ-ცენტრების” მფარველობას და დიდი ფულის გათეთრებას ედავებიან.

როგორც ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი “პირველებს” ეუბნება, დაცვის მხარის სურვილია, რომ სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში არ წარიმართოს.

უფლებადამცველის თქმით, მისთვის უცნობია, ისარგებლებს თუ არა დაკავებული მაღალჩინოსანი სიტყვით დღევანდელ პროცესზე.

ეს არის წინასასამართლო სხდომა, საცა იცით, რომ იხილება მხარეების მიერ მომზადებული მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი. ასევე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი, რა თქმა უნდა, თუ ჩაითვალა რელევანტურად. მე როგორც ვიცი გრიგოლ ლილუაშვილი პროცესს დაესწრება. თუ რაიმე განცხდების გაკეთება უნდა, ვერ გეტყვით, მაგრამ არ ველოდები რაიმე განცხადების გაკეთებას.  რაც შეეხება საქმის გახსნის საკითხს, სხვა ყველა ანალოგიური საქმე, რომელიც განხილვაში იყო, იცი, რომ ყველაზე პროკურატურამ იშუამდგომლა დახურვის თემა და ალაბთ, აქაც ასე იქნება. ეს ახლა პროკურატურის გადასაწყვეტია. ჩვენ, დაცვის მხარეს არ მიგვაჩნია სწორად სასამართლოს დახურვა და რა თქმა უნდა, ეს განხილვის თემაა და ჩვენ ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ”, – განაცხადა ადვოკატმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • 2025 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს: 

პირველი ეპიზოდი

  • „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

მეორე ეპიზოდი

  • „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.

მესამე ეპიზოდი

  • „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
  • აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 დოლარი მიიღო.
  • ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი

  • „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
  • ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება