გაიაფებული საწვავი საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შემოსულა – “სენტა პეტროლიუმი”

საქართველოს საბითუმო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის “სენტა პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გაიაფებული საწვავი ჯერ ბაზარზე არ შემოსულა, თუმცა მოლოდინების გამო ფასის კლება საწვავზე დაწყებულია.
საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები ვარდნას აგრძელებს. ბოლო მონაცემებით, BRENT-ის ტიპის ნავთობი ბირჟაზე 63 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო 5 დღეში თითქმის 17%-იანი კლებაა. WTI 60 დოლარი ღირს, 18%-ით ნაკლები, ვიდრე 5 დღის წინ. ნავთობზე ფასის კლებას 2 მთავარი ფაქტორი განაპირობებს. ის, რის გამოც ნავთობზე ფასი ბოლო წლების მინიმუმზეა მსოფლიოში სატარიფო ომის დაწყებას უკავშირდება, რაც ეკონომიკური ზრდის შენელების მოლოდინს აჩენს, რაც თავის მხრივ ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მეორე ფაქტორი, ოპეკი +-ის განცხადებაა მოსალოდნელზე მაღალი წარმოების შესახებ, რაც ასევე ფასებზე წნეხს ზრდის.
ნედლ ნავთობზე ფასის ვარდნა, ბუნებრივია აისახება ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე. პლატცის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე ფასი თითქმის 70 დოლარით შემცირდა.
“საქმის კურსთან” საუბრისას ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფება 1 ლიტრ საწვავზე ფასს დაახლოებით 25-30 თეთრის ფარგლებში ამცირებს, შესაბამისად, თუ ფასის ვარდნა ბირჟებზე გაგრძელდება, საწვავი საქართველოს ბაზარზეც მნიშვნელოვანი სხვაობით გაიაფდება.
“70 დოლარით დაეცა ბენზინის და დიზელის ნავთობპროდუქტების ფასები. დღეისათვის დიზელის ფასი ერთ ტონაზე შეადგენს 605 დოლარს, ხოლო ბენზინის ფასი პლატცის მიხედვით ტონაზე 651 დოლარია. ეს რომ გადავიტანოთ თეთრებში, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 25-30 თეთრით შემცირდა იმ საწვავის ღირებულება, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად დან.
საბითუმო ბაზარზე სრულად არ არის ასახული, თუმცა კლება დაიწყო და ამას ის ახსნა აქვს, რომ გაიაფებული საწვავი ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე არ შემოსულა. ამას დრო უნდა, ყიდვა, ტრანსპორტირება, შემოტანა და ა.შ უახლოეს პერიოდში ეს აისახება აუცილებლად საბითუმო ბაზარზე, ცხადია საბითუმო ბაზარზე ფასის შემცირება იწვევს უკვე საცალო ბაზარზე ფასების შემცირებას და ამას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში. საცალო გაყიდვებში 10-14 დღე ამ პერიოდში მოხდება ფასების ცვლილება ”, – აცხადებს ზაალ იაკობიძე
“სენტას პეტროლიუმის” მონაცემებით, დღეს რუსული დიზელისა და ბენზინის საშუალო საბითუმო ფასი 2,25 ლარია.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, ბოლო პერიოდში საწვავი საქართველოშიც გაიაფდა. ქვეყანაში მოქმედ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრის ფარგლებში შემცირდა.
ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება ბრენდირებულ სადგურებზე დღეს 2,59 ლარიდან, 2,99 ლარამდე შუალედშია. დიზელის ფასი კი სხვადასხვა სადგურზე 2,59-დან 3,05 ლარამდე მერყეობს.