„გაზრდილი უარყოფითი სავაჭრო სალდო ნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს არც წარმოება, არც მომსახურება“ – სტატისტიკოსი

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით). 2023 წელს მნიშვნელოვნად, 24.4%-ით შემცირდა ადგილობრივი ექსპორტიც.
სტატისტიკოსი გივი მომცელიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ექსპორტის კლების მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ავტომობილების რეექსპორტის და ფეროშენადნობების ექსპორტის კლებაა. მისი თქმით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ვარდნაა სამი მიმართულებით, ესენია: ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და მინერალური სასუქები.
„საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რამდენიმე თვეა კლება აღინიშნება. დეტალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, როგორც წინა თვეები, ალბათ, ახლაც ექსპორტის კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტომობილების რეესპორტის შემცირება იქნება. გასული წლის შემოდგომამდე რუსეთში ძალიან ბევრი ავტომობილი გადიოდა საქართველოს გავლით და ამ მიმართულებით ცვლილებებმა, რა თქმა უნდა, შეამცირა ჩვენი ექსპორტი.
ავტომობილების რეექსპორტის გარდა, ერთ-ერთი მიზეზი მადნეულისა და ფეროშენადნობების კლებაც არის, რაც ბოლო პერიოდში ასევე მცირდება. ადგილობრივი ექსპორტის კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის და ფასები დაეცა, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მიერ შემოღებული ანტიდემპინგური გადასახადის პირობებში, საქართველოში ფეროშენადნობთა ქარხნების უმეტესობამ შეაჩერა ან შეამცირა წარმოება.
საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ შემცირება იქნება რეექსპორტშიც და წმინდა ექსპორტშიც, რომელთა კლება არ არის სასიამოვნო, ეს ეკონომიკაზეც აისახება და კონკრეტულ სფეროებზეც, მაგალითად ავტობიზნესზე, რომელიც გარკვეულ დარტყმას მიიღებს.
დიდი უარყოფითი სალდო ანუ როდესაც იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს, ძალიან ცუდია. გაზრდილი უარყოფითი სავაჭრო სალდო ნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს არც წარმოება, არც მომსახურება. მისი შემცირებისთვის ბევრი მიმართულებითაა ნაბიჯები გადასადგმელი, მაგალითად საგადასახადო ლიბერალიზაცია, ასევე ბიზნესს უფრო მეტის შექმნა უნდა შეეძლოს, კერძო სექტორს უფრო მეტი მოგება უნდა რჩებოდეს, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა უნდა გავხდეთ, რომ აქ შემოდიოდეს ორგანიზაციები, რომლებიც გადმოიტანენ თავიანთ საქმიანობას და დამკვიდრდებიან“, – ამბობს გივი მომცელიძე.
2023 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2022 წელთან შედარებით 24,4%-ით შემცირდა და 2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე დიდი კლება გადამამუშავებელ და სამთო მრეწველობაში დაფიქსირდა. კერძოდ, ყველაზე მეტად ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა – 60%-ზე მეტით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 53,7%-ით, ხოლო აზოტოვანი სასუქების – 43,7%-ით.