გაზრდილი მოთხოვნა სათავგადასავლო ტურიზმზე – გლობალური ბაზარი 2032 წელს $1.65 ტრლნ-ს მიაღწევს

უნიკალური და ავთენტური მოგზაურობის გამოცდილების მსურველთა რაოდენობის ზრდა, მსოფლიოში სათავგადასავლო ტურიზმის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს.
Global Market Insights-ის მონაცემებით, გლობალური სათავგადასავლო ტურიზმის ბაზრის ზომამ 2023 წელს 483 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სპეციალისტები 2024-2032 წლებში საშუალოდ წლიურად მის 15%-იან ზრდას ელიან და ვარაუდობენ, რომ 2032 წლისთვის ბაზარი 1.65 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
კვლევაში ნათქვამია, რომ სათავგადასავლო ტურიზმზე მოთხოვნა ამ მიმართულების განვითარების, ახალი პროექტების განხორციელების და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად მისი განვითარება ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ადგილობრივ თემებში ეკონომიკური დოვლათის შექმნას.
მთლიანობაში სათავგადასავლო ტურიზმი არაერთ მიმართულებას მოიცავს, ის უჩვეულო და ეგზოტიკური, ეკოლოგიურად სუფთა ადგილების მონახულებას გულისხმობს და ისეთ აქტივობებს აერთიანებს როგორიცაა ბუნებასთან სიახლოვე, ფიზიკური აქტივობა, კულტურული შემეცნება, ლაშქრობა…
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რადგან თავგადასავლების მოყვარულებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ ისეთ ადგილებს სადაც მანამდე მოხვედრა თითქმის შეუძლებელი ან რთულად მისადგომი იყო.