გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ანგარიში – ევროპაში წინსვლა აღინიშნება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, თუმცა მილიონობით ადამიანი საკუთარი უფლებებით ვერ სარგებლობს

უთანასწორობა კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება და მილიონობით ადამიანი, ძირითადად, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, მსოფლიოს ყველა რეგიონში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების მიღმა რჩებიან,- ამის შესახებ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა განეხორციელებინა მიზანმიმართული პროგრამა, რომელიც ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გლობალური განვითარების დღის წესრიგში ჩართვას გულისხმობდა.
ანგარიშში შეფასებულია, თუ რამდენად მოახერხეს ქვეყნებმა, მსოფლიო მასშტაბითა და კონკრეტულად, ევროპის რეგიონში, კაიროში 1994 წელს გამართული მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამის განხორციელება.
„ანგარიშის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ სარგებლობს იმ მიღწევებით, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგია და უზრუნველყოფს ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ და ჰქონდეთ წვდომა საჭირო სერვისებსა და ინფორმაციაზე. ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია, რომლის სამიზნესაც წარმოადგენენ ქალები და სხვა დაუცველი ჯგუფები. უნდა ვებრძოლოთ იმ სტერეოტიპებს, მიკერძოებულ შეხედულებებსა და სტიგმას, რომლებიც ამგვარი დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფლორენს ბაუერმა.
ევროპის რეგიონში ნაკლები ქალი იღუპება მშობიარობის დროს, ნაკლები არასრულწლოვანი გოგო აჩენს შვილს და ქალებს ნაკლებად ეზღუდებათ წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, უკანასკნელი რეგიონული მიმოხილვის ანგარიშის მიხედვით:
„დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და საშუალოდ, 22-იდან 12-ამდე შემცირდა ყოველ 100 000 ცოცხლადშობილზე, 2000-იდან 2020 წლამდე პერიოდში.
მოზარდებს შორის მშობიარობის მაჩვენებელი თითქმის 50 პროცენტით შემცირდა, საშუალოდ 20,3-იდან 12,6-ამდე, 15-იდან 19 წლამდე ასაკის ყოველ 1 000 ქალზე, 2000-იდან 2020 წლამდე პერიოდში.
რეპროდუქციული ასაკის იმ ქალების წილი, რომლებიც ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებს იყენებენ, 2022 წელს გაიზარდა 2000 წელს დაფიქსირებული 66,7 პროცენტიდან 75,9 პროცენტამდე.
თუმცა მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრესი შენელდა ზოგიერთი მიმართულებით, ხოლო რიგი მიმართულებებით არსებული სიტუაციის გაუარესებაც კი დაფიქსირდა, და რომ მიღწევებით ძირითადად ისარგებლეს შეძლებულმა და პრივილეგირებულმა ადამიანებმა, ვიდრე ნაკლებად შეძლებულებმა.
ევროპის რეგიონში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლების ტემპი შენელდა და 2015 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაც კი დაფიქსირდა იმ 52 ქვეყნიდან 18 ქვეყანაში, რომელთა მონაცემებიც ხელმისაწვდომია.
კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებით სარგებლობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში; აღნიშნული რეგიონის ხუთ ქვეყანაში ქალების ნახევარზე მეტი არ სარგებლობს კონტრაცეფციის არცერთი საშუალებით.
რეპროდუქციული ასაკის ყოველი ოთხი ქალიდან ერთი ქალი ვერ სარგებლობს საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებით.
2022 წელს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 160 000 ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით, რაც 2010 წლის მონაცემთან შედარებით 49 პროცენტიან ზრდას შეადგენს და აღემატება ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში დაფიქსირებულ აღნიშნული მაჩვენებლის ზრდას.
შშმ ქალები და გოგოები 10-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან გენდერული ნიშნით ძალადობის – მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
იმ პირთა წილი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რომლებიც თვლიან, რომ კაცის მიერ ცოლზე ფიზიკური ძალადობა გამართლებულია, დროთა განმავლობაში გაიზარდა რეგიონის იმ ქვეყნების ნახევარში, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია.
მსოფლიოს 25 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ბარიერების მოხსნა, რომელიც ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას აფერხებს, უფრო სწრაფად მიმდინარეობს მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქალების შემთხვევაში, ვიდრე იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან. მაგალითად, ალბანეთში, ჯანდაცვის სერვისები უფრო სწრაფად გახდა ხელმისაწვდომი შედარებით მდიდარი ფენების წარმომადგენლებისთვისა და ეთნიკურად ალბანელი მოსახლეობისთვის, ღარიბი ფენებისა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებთან შედარებით, როგორიცაა ბოშები“, – ნათქვამია ანგარიშში.
„ამ რეგიონში მცხოვრები მილიონობით ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას, დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის სხვადასხვა და ხშირად მათ მიმართ ერთდროულად გამოხატული რამდენიმე ფორმის გამო. ამ ბარიერების მოხსნას არა მხოლოდ ადამიანის უფლებები გვავალდებულებს, არამედ მათ გაუვნებელყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავება, რომელთა წინაშეც ისინი დგანან“, – განაცხადა ბაუერმა.
აღნიშნული რეგიონის ბევრ ქვეყანაში, სადაც შობადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება და მოსახლეობის კლება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დღეს, ისე როგორც არასდროს, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ზომების მიღება ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების, უმცირესობების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უკეთ ინტეგრირებისათვის.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს დემოგრაფიული ცვლილების მიმართ მათი მდგრადობის გაძლიერებაში, მათ შორის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებისა და მარგინალიზებული თემების მეტად ჩართვის გზით.