5 იანვარს გაეროს უშიშროებს საბჭოს საგანგებო სხდომა საჯარო ფორმატში გაიმართა, დღის წესრიგით – „საფრთხეები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ და ის აშშ-ის მიერ ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას მიეძღვნა.
საგანგებო სხდომის მოწვევა კოლუმბიამ მოითხოვა. იმავე მოთხოვნით 3 იანვარს მიმართა საბჭოს ვენესუელამ. სხდომის მოწვევის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ჩინეთმა და რუსეთმა. სხდომას უძღვებოდა სომალის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში . ეს ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა 2026 წლის იანვარში.
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადება წაიკითხა მისმა მოადგილემ, როზმარი დიკარლომ, რომელმაც სიტყვა ასე დაიწყო:
„მძიმე დროს ვხვდებით ერთმანეთს, ვენესუელის ბოლივარულ რესპუბლიკაში აშშ-ის 3 იანვრის სამხედრო მოქმედების შემდეგ”.
გაეროს გენმდივნის განცხადების ტექსტში შეშფოთება იყო გამოხატული ვენესუელის მომავლის გამო:
„როცა ჩვენ აქ ვმსჯელოთ, პრეზიდენტი მადურო ნიუ იორკშია პატიმრობაში, მის მეუღლესთან სილია ფლორესთან ერთად, აშშ-ის მიერ სერიოზულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებში ბრალდებული.
ნაკლებად მკაფიოა ვენესუელის უახლოესი მომავალი.
ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არასტაბილურობის შესაძლო გაძლიერებით, რეგიონზე მისი პოტენციური ზეგავლენით და იმით, რომ ეს შესაძლოა იქცეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ამგვარად წარმართვის პრეცედენტად.
ვითარება ვენესუელაში მრავალი წლის მანძილზე იყო რეგიონული და საერთაშორისო შეშფოთების საგანი.
ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება გაძლიერდა 2024 წლის ივლისის სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
საარჩევნო ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც დავნიშნე ვენესუელის მთავრობის მოთხოვნით, გამოავლინა სერიოზული პრობლემები. მუდმივად მოვუწოდებდით არჩევნების შედეგების სრული გამჭვირვალებისა და სრულად გამოქვეყნებისკენ.
საბჭოსთვის 23 დეკემბერს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა აღნუსხა სერიოზული დარღვევები.
3 იანვარს ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა გამოსცა საგანგებო განკარგულება, რომლითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დამატებითი უფლებამოსილება მიანიჭა მთავრობას.
ბოლოდროინდელი მოვლენები მოჰყვა მაღალი დაძაბულობის პერიოდს, რომელიც დაიწყო აგვისტოს შუა რიცხვებიდან, რაზეც ვიმსჯელეთ უშიშროების საბჭოს წინა ორ სხდომაზე”.
ანტონიუ გუტიერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 3 იანვრის “სამხედრო ქმედებისას” საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო:
“გაეროს ქარტია კრძალავს მუქარას ან ძალის გამოყენებას ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა დამოკიდებულია ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ ქარტიის ყველა მუხლის მუდმივად დაცვაზე.
ვენესუელამ გამოსცადა შიდა არასტაბილურობისა და სოციალურ-ეკონომიკური არეულობის ათწლეულები. ძირი გამოეთხარა დემოკრატიას. მილიონობით ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან.
ვითარება კრიტიკულია, მაგრამ ჯერაც შესაძლებელია უფრო ფართო და უფრო დესტრუქციული გამწვავების თავიდან აცილება”.
გუტიერეშის განცხადებაში, რომელიც მისმა მოადგილემ წაიკითხა, იყო დიალოგისკენ მოწოდებაც:
“მოვუწოდებ ვენესუელის ყველა აქტორს მონაწილეობა მიიღოს ინკლუზიურ, დემოკრატიულ დიალოგში, რომელშიც საზოგადოების ყველა სექტორს შეეძლება თავისი მომავლის განსაზღვრა.
…მივესალმები და მზად ვარ მხარი დავუჭირო ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაეხმარება ვენესუელელების წინსვლას მშვიდობიანი გზის პოვნაში.
ისეთ დამაბნეველ და კომპლექსურ ვითარებაში, რომლის წინაშეც ახლა ვართ, მნიშვნელოვანია პრინციპების ერთგულება; გაეროს ქარტიისა და ყველა შესაბამისი კანონიერი ჩარჩოს დაცვა მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.
…კანონის ძალამ უნდა გაიმარჯვოს.
საერთაშორისო სამართალში არის ინსტრუმენტები ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ნარკოტიკების უკანონო ტრაფიკინგი, რესურსებზე კონფლიქტები და ადამიანის უფლებებზე არსებული წუხილები“.
უშიშროების საბჭოზე მეორე გამომსვლელი იყო ჯეფრი საქსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ტრამპისა და ევროპის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსი, განსაკუთრებით – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულამსშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მისი რიტორიკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზებზე ემთხვევა კრემლის რიტორიკას, რის გამოც ის თავადაც არის მწვავე კრიტიკის სამიზნე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყნის, მათ შორის – რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებში მრჩევლის სტატუსით საქმიანობდა. ჯეფრი საქსი არის გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის ხელმძღვანელი და მდგრადი განვითარების მიზნების ადვოკატი ანტონიუ გუტიერეშის გენერალური მდივნობის პერიოდში. 5 იანვრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქსმა განაცხადა, რომ „1947 წლიდან აშშ საგარეო პოლიტიკაში მუდამ იყენებდა ძალას, ფარულ მოქმედებასა და პოლიტიკურ მანიპულაციას, სხვა ქვეყნებში რეჟიმების შესაცვლელად“. მისი სიტყვებით:
“გასულ წელს აშშ-მა დაბომბვის ოპერაციები განახორციელა შვიდ ქვეყანაში, მათგან არც ერთი არ იყო ავტორიზებული უშიშროების საბჭოს მიერ და არც ერთი მათგანი არ განხორციელებულა ქარტიით განსაზღვრული კანონიერი თავდაცვისთვის. სამიზნე ქვეყნები იყო: ირანი, ერაყი, ნიგერია, სომალი, სირია, იემენი და ახლა ვენესუელა. გასულ თვეში პრეზიდენტი ტრამპი პირდაპირ დაემუქრა გაეროს მინიმუმ ექვს წევრ სახელმწიფოს, მათ შორის: კოლუმბიას, დანიას, ირანს, მექსიკას, ნიგერიას და რა თქმა უნდა, ვენესუელას.
უშიშროების საბჭოს წევრები იმისთვის არ მოუწვევიათ, რომ ნიკოლას მადურო განსაჯონ. ისინი მოწვეულები არ არიან იმის შესაფასებლად, აშშ-ის თავდასხმა და მიმდინარე საზღვაოსნო კარანტინი ვენესუელის წინააღმდეგ თავისუფლებას მოიტანს თუ დამორჩილებას. საბჭოს წევრები მოწვეულები არიან საერთაშორისო სამართლის, კერძოდ – გაეროს ქარტიის დასაცავად”.
მესამე სპიკერი იყო ვენესუელის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, „ტრანსპარენსი ვენესუელას“ ხელმძღვანელი, მადუროს რეჟიმის გამო დევნილობაში მყოფი, მერსედეს დე ფრეიტასი, რომელმაც უშიშროების საბჭოს დეტალურად მოახსენა ვენესუელაში მრავალი წლის განმავლობაში არსებული კორუფციული ქსელის, უკანონო ეკონომიკური საქმიანობისა და ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევების შესახებ.
ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ელჩმა სუნ ლეიმ განაცხადა, რომ „ჩინეთი ღრმად შოკირებულია და სასტიკად გმობს აშშ-ის ერთპიროვნულ, უკანონო და მჩაგვრელ მოქმედებას“ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის გამოხატა ღრმა შეშფოთება აშშ-ის მიერ ვენესუელი წინააღმდეგ სანქციების, ბლოკადისა და ძალის გამოყენების მუქარის გამო, მოიწვია ორი საგანგებო სხდომა, რომელზეც აშშ-ს მოუწოდეს გაეროს ქარტიის დაცვისკენ, რაც აშშ-მა ყურად არ იღო:
„არ შეიძლება რომელიმე ქვეყანამ იმოქმედოს როგორც მსოფლიოს პოლიციამ, არ შეიძლება რომელიმე ქვეყანამ თავი საერთაშორისო მსაჯულად მიიჩნიოს. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ვენესუელის მთავრობასა და ხალხს თავიანთი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვაში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეგიონის ქვეყნებს ლათინური ამერიკისა და კარიბის როგორც მშვიდობის ზონის სტატუსის შენარჩუნებაში.
მოვითხოვთ, რომ აშშ-მა შეცვალოს კურსი, შეწყვიტოს ჩაგვრისა და იძულების პრაქტიკა და რეგიონის ქვეყნებთან განავითაროს ურთიერთობა და თანამშრომლობა ორმხრივი პატივისცემის, თანასწორობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზე. ჩინეთი მზად არის რეგიონის ქვეყნებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობისთვის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის განსამტკიცებლად, სამართლიანობის მხარდასაჭერად და ლათინურ ამერიკასა და კარიბის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“.
აშშ-ის ელჩმა გაეროში – მაიკ უოლცმა გამოსვლის დასაწყისში მადლობა გადაუხადა ვენესუელის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ მერსედეს დე ფრეიტას და ხაზი გაუსვა, რომ მას მადუროს რეჟიმის გამო ქვეყნიდან დევნილობაში ყოფნა უწევს. უოლცმა 3 იანვრის სპეცოპერაციას უწოდა „ქირურგიული სამართალდაცვითი ოპერაცია, აშშ-ის სამხედროების მხარდაჭერით აშშ-ის მართლმსაჯულებას განრიდებულ ნარკოტერორისტ ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის წინააღმდეგ. კოლეგებო, ნიკოლას მადურო პასუხისმგებელია აშშ-ის ხალხზე თავდასხმებზე, დასავლეთ ნახევარსფეროს დესტაბილიზაციასა და ვენესუელის ხალხის უკანონო რეპრესიებზე“.
ამერიკელმა დიპლომატმა გაიმეორა, რომ „ეს არ არის ომი ვენესუელის ან მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვახდენთ ქვეყნის ოკუპაციას. ეს იყო სამართალდაცვითი ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ათწლეულების განმავლობაში არსებული კანონიერი ბრალდებების წაყენებას. აშშ-მა დააკავა ნარკოტრაფიკერი, რომელიც წარდგება სასამართლოს წინაშე აშშ-ში, კანონის უზენაესობის დაცვით იმ დანაშაულებისთვის, რომლებსაც 15 წლის განმავლობაში სჩადიოდა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.
მაიკ უოლცის განცხადებით, ნიკოლას მადურო და მისი თანამზრახველი სილია ფლორესი აშშ-ში გადაიყვანეს მათი დანაშაულებისთვის, რისთვისაც მათ „ძალიან სერიოზული სისხლის სამართლის ბრალდებები ემუქრება ნარკოტერორიზმის, კოკაინისა და სხვა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის ფართომასშტაბიან შეთქმულებაში მონაწილეობისთვის:
“კოლეგებო, მადურო არ არის მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებული; ის იყო არალეგიტიმური, ე.წ. პრეზიდენტი. ის არ იყო სახელმწიფოს მეთაური.
წლების განმავლობაში მადურო და მისი მოკავშირეები მანიპულირებდნენ ვენესუელის საარჩევნო სისტემით, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლების უკანონო კონტროლი. სინამდვილეში, სულ რაღაც ორი წლის წინ, 2024 წელს, გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშში დადასტურდა, რომ იმ წელს ჩატარებული არჩევნები აბსოლუტურად და სრულიად ფარსი იყო და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სანდო არჩევნების უზრუნველსაყოფად აუცილებელ გამჭვირვალობისა და პატიოსნების უმთავრეს კრიტერიუმებს“, – განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში და ილაპარაკა აგრეთვე მადუროს რეჟიმის მიერ აშშ-სთვის შექმნილ სახელმწიფოებრივ საფრთხეებზე:
„არ დავუშვებთ, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეების, კონკურენტებისა და შეერთებული შტატების მეტოქეთა მოქმედების ბაზად იქნას გამოყენებული. არ შეიძლება ვენესუელა ირანის, ჰეზბოლას, ბანდების, კუბის დაზვერვის აგენტებისა და სხვა მავნე აქტორების ოპერაციულ ცენტრად აქციოთ, რომლებიც ამ ქვეყანას აკონტროლებენ. არ შეიძლება მსოფლიოში უდიდესი ენერგეტიკული რეზერვები კვლავაც შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების, არალეგიტიმური ლიდერების მიერ კონტროლდებოდეს და არ მოჰქონდეს სარგებელი ვენესუელის ხალხისთვის. არ შეიძლება მას ვენესუელაში მყოფი მცირერიცხოვანი ოლიგარქები იპარავდნენ“.
ამერიკელმა დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლა ასე დაასრულა:
„შეერთებული შტატები არ შეწყვეტს ამერიკელების დაცვას ნარკოტერორიზმის უბედურებისგან და მას სურს მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა ვენესუელის დიადი ხალხისთვის“.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ 3 იანვრის ოპერაციას აშშ-ის მიერ „ცინიკურად ჩადენილი დანაშაული“, უწოდა, რომელსაც „არანაირი გამართლება არ გააჩნია“. კრემლის წარმომადგენლის სიტყვებით, აშშ-სა და ვენესუელას შორის ნებისმიერი დაპირისპირება დიალოგით უნდა მოგვარდეს:
“სასტიკად ვგმობთ აშშ-ის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით ჩადენილ შეიარაღებული აგრესიის აქტს.
…მოვუწოდებთ აშშ-ის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მისი მეუღლე”.
რუსეთის ელჩმა გამოხატა “მტკიცე სოლიდარობა” ვენესუელის ხალხისა და მთავრობის მიმართ, “რომელიც ეროვნულ ინტერესებსა და თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს”.
ნებენზიას მიერ გამოხატული განსაკუთრებული აღშფოთება ენერგორესურსებზე კონტროლის საკითხს უკავშირდებოდა:
„განსაკუთრებით აღშფოთებულები ვართ უპრეცედენტო ცინიზმით ვაშინგტონის მხრიდან, რომელიც არც კი ცდილობს მისი კრიმინალური ოპერაციის ნამდვილი მიზნები გაამხილოს, კერძოდ – ვენესუელის ბუნებრივ რესურსებზე განუსაზღვრელი კონტროლის დამყარება და ლათინურ ამერიკაში მისი ჰეგემონური ამბიციების განმტკიცება. ამ გზით, ვაშინგტონი ქმნის ახალ იმპულსს ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმისთვის, რომლებიც არაერთხელ და გადამწყვეტად უარყვეს ამ რეგიონის და მთლიანად გლობალური სამხრეთის ხალხებმა“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში.
ვენესუელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში – სამუელ მონკადამ განაცხადა, რომ „ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა იყო აშშ-ის მთავრობის მხრიდან უკანონო შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე, რასაც არ გააჩნდა არავითარი კანონიერი საფუძველი და რომელიც მოიცავდა ჩვენი ტერიტორიის დაბომბვას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების მსხვერპლს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ნგრევას და მოტაცებას – კონსტიტუციური პრეზიდენტის – ნიკოლას მადურო მოროსისა და პირველი ლედის – სილია ფლორესის მოტაცებას“.
მონკადამ ოთხ პუნქტად ჩამოთვალა მოთხოვნები, რომლებიც, მისი სიტყვებით აშშ-ის ხელისუფლებას უნდა წაუყენონ:
„მოვითხოვთ: ა) აშშ-ის მთავრობას მოეთხოვოს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და პირველი ლედის სილია ფლორესის იმუნიტეტის სრულად დაცვა, ისევე, როგორც მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ვენესუელაში უსაფრთხოდ დაბრუნება; მეორე – ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ცალსახად დაიგმოს; მესამე – კიდევ ერთხელ დადასტურდეს ძალის გამოყენებით ტერიტორიისა და რესურსების მითვისების დაუშვებლობის პრინციპი და მეოთხე – მიღებულ იქნას ზომები დეესკალაციისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და საერთაშორისო სამართლის აღსადგენად“.
23 დეკემბერს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ხალედ ხიარიმ ელჩებს მოახსენა, რომ ოქტომბრის შემდეგ აშშ-ს სამხედრო ყოფნა და მოქმედებები ვენესუელის სანაპიროსთან გაფართოვდა, რაც ვითარების მეტად დაძაბვას იწვევდა.
16 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარისთვის (იმ დროისთვის – სლოვენია) მიწერილ წერილში, კარაკასი ვაშინგტონს ადანაშაულებდა „საერთაშორისო ურთიერთობებში მუქარის ან ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპის“ დარღვევაში.
გენმდივნის თანაშემწე 23 დეკემბრის განცხადებაში იშველიებდა აშშ-იდან მიღებულ განმარტებებსაც:
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აპირებს „აშშ-ის სრული ძალაუფლების გამოყენებას, რომ ჩაერთოს და აღმოფხვრას ეს ნარკოკარტელები, იმის მიუხედავად, საიდან ოპერირებენ ისინი“”.
ფორუმი




