გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს „აგენტების კანონის“ მიღების გამო

„აგენტების კანონის“ მიღებას განცხადებით გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში. ის წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს.
„კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება“, – წერია განცხადებაში.
გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა ეხმაურება თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც. „აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად“, – აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში.
14 მაისს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო. მას პარლამენტის 84-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებენ, აქციის მონაწილეები დააკავეს.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.
კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – საქართველოში 82 უვადო მსჯავრდებულია, აქედან 1 ქალია – დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს, თითქმის ყველამ ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა

ომბუდსმენი – გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულთაგან იშვიათად საუბრობდა ვინმე პოლიციისგან ძალადობაზე – წლევანდელ აქციაზე დაკავებულებიდან კი, პრაქტიკულად, ყოველი მეორე მიუთითებდა, რომ პოლიციამ მათ მიმართ რაღაც ფორმით იძალადა