გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ 27 მარტს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ მას მხოლოდ ორი კვირის სამყოფი საკვები დარჩა ღაზაში, სადაც “ასობით ათასი ადამიანი” მძიმე შიმშილისა და არასაკმარისი კვების საფრთხის წინაშეა.
“გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) დაახლოებით 5700 ტონა სურსათის მარაგი აქვს დარჩენილი ღაზაში – ეს საკმარისია WFP–ის ოპერაციების მხარდასაჭერად მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში“, – ნათქვამია რომში დაფუძნებული სააგენტოს განცხადებაში.
ისრაელმა განაახლა სამხედრო ოპერაციები პალესტინის ტერიტორიაზე ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ, რითაც დაარღვია კვირების მანძილზე არსებული შედარებითი სიმშვიდე, რომელიც მოჰყვა ცეცხლის მყიფე შეწყვეტას.
გაერომ 26 მარტს განაცხადა, რომ ისრაელის განახლებულმა ოპერაციებმა სულ რაღაც შვიდ დღეში 142,000 ადამიანის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია და გაფრთხილება გამოთქვა მარაგების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც ისრაელმა კვლავაც ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ღაზაში.
WFP-მ 27 მარტს განაცხადა, რომ მან და სხვებმა სასურსათო უსაფრთხოების სექტორში, “ვერ შეძლეს სურსათის ახალი მარაგების მიწოდება ღაზაში სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში”.
ამასთან, ღაზაში “სამხედრო მოქმედების გაფართოება სასტიკად აფერხებს სასურსათო დახმარების ოპერაციებს და ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების სიცოცხლეს“, – დასძინა WFP.
სააგენტოს თქმით, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა და ხალხის სწრაფი გადაადგილების გამო, ის „რაც შეიძლება სწრაფად გაანაწილებს რაც შეიძლება მეტ საკვებს“. ის ამცირებს ინდივიდუალურ რაციონს, რათა სააგენტომ შეძლოს მთლიანობაში მეტი ადამიანის გამოკვება. იგი გეგმავს საკვების ამანათების დარიგებას ნახევარ მილიონ ადამიანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პაკეტები ოჯახს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გამოკვებავს.
ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალი ოპერაციები მიზნად ისახავს ზეწოლას ჰამასზე (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), რომელიც აკონტროლებს ღაზას, და აიძულებს მას გაათავისუფლოს დარჩენილი მძევლები მას შემდეგ, რაც ზავის გახანგრძლივებაზე შუამავლებთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
2023 წლის 7 ოქტომბერს, ისლამისტური დაჯგუფების ისრაელზე თავდასხმის დროს, რომელსაც ომი მოჰყვა ღაზაში, 251 ადამიანი აიყვანეს მძევლად, რომელთაგან 58 კვლავ ღაზაშია, მათ შორის 34, ისრაელის სამხედროების თქმით, დაღუპულია.
ისრაელზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები.
ისრაელის საპასუხო სამხედრო შეტევამ, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში 50 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ასევე ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა.
ფორუმი