გაეროს კომიტეტმა მთავრობას ნინოწმინდის პანსიონატის მცხოვრებთათვის კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებები, რამდენადაც, დაუყოვნებლივ არ ჩაერია და არ მიიღო ზომები ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მცხოვრები ბავშვების მიმართ განხორციელებული ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აღსაკვეთად.
კომიტეტმა 57 ბავშვის შემთხვევა შეისწავლა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ მოქმედ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ცხოვრობდნენ:
„57 ბავშვიდან ორის ინდივიდუალური საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ ისინი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები იყვნენ. 2008 წელს დაბადებული მ.ლ. სამი წლიდან ცამეტი წლის ასაკამდე, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში იყო განთავსებული, სადაც უნებლიე შარდვის გამო მკაცრი სასჯელებით იტანჯებოდა. აღმზრდელები უფროს ბავშვებს ხშირად ავალებდნენ, მ.ლ და სხვა ბავშვები ჯოხების ან ხელების დარტყმით „გამოესწორებინათ“.
11 წლის ასაკში ის ასევე იძულებით იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. მეორე ბავშვი, ლ.კ, დაბადებული 2003 წელს, ასევე დადგა მსგავსი სირთულეების წინაშე. მათ შორის აღსანიშნავია არასაკმარისი საკვები, არასათანადო ჰიგიენა და გადაადგილების შეზღუდვა. მისი ძმაც, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განიცდიდა უყურადღებობასა და შეურაცხყოფას,“ — ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ გავრცელებულ დასკვნაში.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბავშვები, რომლებიც მოკლებული არიან ოჯახურ გარემოს დაცული უნდა იყვნენ სახელმწიფოს მიერ, რაც მათი უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
კომიტეტი ასევე იშველიებს სახალხო დამცველის 2015 წლის დასკვნას, სადაც საუბარია როგორც ბავშვებს შორის ხშირ ბულინგსა და ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე მომვლელების მიერ მათი დასჯის ისეთ მეთოდებზე, როგორიცაა კვების აკრძალვა, თავისუფლების შეზღუდვა, მეტანიების კეთება და ხოხვის იძულება.
დასკვნის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის დასკვნაში მოყვანილი შემაშფოთებელი ფაქტებისა, პანსიონმა მუშაობის ლიცენზია 2016-ში ხელახლა მიიღო:
„სახალხო დამცველმა 2018 წელსაც გამოაქვეყნა განმეორებითი ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო პანსიონში არსებული სისტემური პრობლემები და ზედამხედველობისა და ბავშვთა ზრუნვის გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა. 2020 წლის ივნისიდან, თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უარს ეუბნებოდნენ პანსიონში შესვლაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პანსიონში განთავსებულ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგი, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,“ ჯერ თბილისის სხვადასხვა სასამართლოებს, ხოლო საბოლოოდ 2021 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა,“ — ვკითხულობთ დოკუმენტში.
საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა უზრუნველყოს, მსხვერპლი ბავშვების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარება.
მათ შორის, ადეკვატური კომპენსაციის გაცემა და რეაბილიტაცია, ბოდიშის საჯაროდ მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფთა მდგომარეობის ხელახალი შეფასება, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. კომიტეტში აღნიშნავენ, რომ რეპარაციული ღონისძიებები კოორდინირებული უნდა იყოს მსხვერპლ ბავშვებთან, მათი შეხედულებების გათვალისწინების მიზნით.
რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში – მოკლედ
ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა დაწესებულებაა. მან ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 2021 წლის 16 ივნისს სახალხო დამცველმა ოფიციალური განცხადებაში თქვა, რომ პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოსი სპირიდონის მითითებით აპარატის წარმომადგენლები პანსიონში არ შეუშვეს.
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2021 წლის 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.
ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ამავე წლივს 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 2021 წლის 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ, პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.
მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. მოგვიანებით კი, პირველად 2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთადპანსიონში შევიდა.
ჯერ არ დასრულებულა 4 გამოძიება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ დაიწყო – მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი, გაუპატიურების. პარალელურად , ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევის შედეგად ნინოწმინდის პანსიონს 9 შენიშვნა წარუდგინა. მათ შორის საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობისგან დამცავი შიდა მექანიზმის არარსებობა, ერთ ოთახში 4 ბავშვზე მეტის განთავსება და სხვა.
პარალელურად, სახალხო დამცველი ამბობდა, რომ აპარატთან საუბრისას პანსიონის აღსაზრდელებმა ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გაიხსენეს.

ასევე დაგაინტერესებთ