გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში პოლიციის მიერ რუსული კანონს წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების ცნობებს ეხმაურება.
“მაშფოთებს ამ კვირაში საქართველოს დედაქალაქ თბილისში სამართალდამცავი ორგანოების წევრების მიერ დემონსტრატორებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები”. – წერს ვოლკერი გავრცელებულ განცხადებაში.
ვოლკერი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი სცეს.
ამასთანავე, იგი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვს, არასწორი მოპყრობის ნებისმიერი ბრალდება მყისიერად და გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული და მოუწოდებს მთავრობას, გამოხატვის თავისუფლებისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლოს, ხოლო წაყენებული ბრალდებები უკან წაიღოს. თავის მხრივ, ვოლკერი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, საკუთარი უფლებები მშვიდობის დაცვით გამოხატონ.
განცხადების ბოლოს ვოლკერ თურქი მთავრობას რუსული კანონის უკან წაღებისკენაც მოუწოდებს:
“მე საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს, და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებთან. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსები შემოსდით, “უცხოურო ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად” მონათვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”. – წერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.