“შუას შეკრება” “ლელოსთვის” პროდასავლური პარტიების გაძლიერებაა, თუმცა ამაში ხაზარაძის გუნდი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ გულისხმობს. “ლელო” 2024 წლის არჩევნებში ბრძოლას კვლავ დამოუკიდებლად აპირებს. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ და, მეტიც, პოლიტიკურ სპექტრში, ”ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მიღმა, ალტერნატიულ – მესამე ცენტრად ჩამოყალიბდებიან.
ე.წ. პატარა პარტიების გაძლიერების იდეას “ევროპული საქართველოც” იზიარებს, თუმცა, გიგა ბოკერიას არ მოსწონს ის ფორმა, რომელსაც სხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამ შემთხვევაში კი, “ლელო”, გაძლიერებისთვის იყენებს. “ევროპულ საქართველოში” ფიქრობენ, რომ, წინასაარჩევნოდ, მხოლოდ ერთობაზე საუბრით, მათი რეიტინგი ვერ გაიზრდება და საჭიროა ამომრჩეველთან ღია კომუნიკაცია. საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებში კი ამბობენ, რომ, გარკვეულ ჯგუფებთან იდეური თანხვედრის შემთხვევაში, გაერთიანება შესაძლებელია.
ერთად თუ ცალ-ცალკე, “ქართული ოცნებისთვის” ოპოზიციის ორივე სცენარი უმნიშვნელოა. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები, ყველა მცდელობის მიუხედავად, არჩევნებში მაინც დამარცხდებიან.
ვინ ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, ჯერ უცნობია. გამოკვეთილია მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობა. ამ პლატფორმაში კი, უკვე “გირჩსაც” ეპატიჟებიან. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ საპარლამენტო პარტია “გირჩთან” მის გუნდს არაერთი იდეური თანხვედრა აქვს, რაც შესაძლებელია გაერთიანების წინაპირობაც კი გახდეს. ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ”ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს განსხვავებულად განმარტეს, “გირჩმა” კი ნებისმიერი ფორმით გაერთიანება სააკაშვილის პარტიასთან გამორიცხა.
პოლიტიკურ უპრინციპობაზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდში. “ქართულ ოცნებაში” მიხეილ სააკაშვილის წარსულში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ აქვს გაკეთებული, რომლებთანაც დღეს თანამშრომლობასა და სამომავლოდ ერთიანობას განიხილავს.
რა კონფიგურაციით იბრძოლებს 2024 წლის არჩევნებში ოპოზიცია, ჯერ გაურკვეველია. “ქართული ოცნება” ბარიერის დაწევას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, 5%-იანი ზღვარის გადალახვა მოუწევთ.