გადასასვლელ ხიდთან ესტაკადის პროექტირებისთვის მერიამ 2.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა (bm.ge)
თბილისის მერიამ გამოაცხადა 2,5 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი სადგურის მოედანსა და ცოტნე დადიანის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტირების მიზნით.
წარდგენილი განმარტების თანახმად, ახალი ხიდი გააუმჯობესებს თბილისის უბნებს შორის დაკავშირებადობას ამასთან, შეამცირებს მგზავრობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის, გაამარტივებს სადგურის მოედნის კვანძიდან მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებას და მგზავრობის დროის შემცირებით, შეამცირებს გამონაბოლქვის ოდენობას.
“არსებული მდგომარეობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის დრო ხუდადოვის კვანძიდან თამარ მეფის გამზირამდე არის დილის პიკურ საათებში 1094 წამი, ხოლო საღამოს პიკურ საათებში 740 წამი. თამარ მეფის გამზირიდან ხუდადოვის კვანძამდე გადაადგილების დრო არის დილის პიკურ საათებში 533 წამი, ხოლო საღამოს პიკურ საათებში 475 წამი.
გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, კავშირის არარსებობის გამო კერძო ავტოტრანსპორტს უწევს უფრო გრძელი მარშრუტების გავლა.
ერთობლივად, კავშირის არარსებობა იწვევს რკინიგზის ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობის პრობლემას დასავლეთის მიმართულებით, სადაც კონცენტრირებულია მეტი ბიზნესი, მიზიდულობის წერტილები და სამუშაო ადგილები.
თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტი კრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა – საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის,”- ნათქვამია შესყიდვის განმარტებით ბარათში.
ტენდერის პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე ხიდებისა და ესტაკადების პროექტირების არანაკლებ 400,000 ლარის კონტრაქტების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
