120-ზე მეტი ანალიტიკოსი სხვადასხვა ევროპული კვლევითი ცენტრიდან და აკადემიური პერსონალი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგან საქართველოსთან დაკავშირებით სანამ გვიანი არ არის:
„მეტი რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა? ასობით ათასი მათგანი თვეზე მეტია ქუჩაში გამოდის, აფრიალებს ევროპულ დროშებს, მათ სცემენ, ისინი ცდილობენ შეაჩერონ მმართველი პარტია ბელარუსული-რეჟიმის დამყარებისგან, რომელიც მისცემს რუსეთს შესაძლებლობას დაიბრუნოს კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე“ — აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.
მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ზრახვები ცხადი გახადა. განცხადების ავტორები მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაზე, რომელსაც „ანტი-დასავლურს“ და „პარანოიულს“ უწოდებენ:
„ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა მკაცრ სასჯელს ოპოზიციას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. პოლიცია მშვიდობიან პრო-ევროპულ პროტესტს მზარდი ძალადობით პასუხობს. მმართველი პარტიის კრიმინალები ადამიანებს საკუთარი სახლების წინ სცემენ, მიზანში იღებენ და ემუქრებიან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს — ეს კარგად ნაცნობი ნაბიჯებია დიქტატურის მშენებლობის სახელმძღვანელოდან“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ავტორების თქმით საქართველოს მმართველი პარტიის არჩევანი ცხადია — დარჩნენ ხელისუფლებაში სამუდამოდ. ხელმომწერების თქმით, ისინი ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „იმდენი ძალადობის გამოყენებით, რამდენიც საჭირო იქნება“:
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინსტიტუციები იაზრებდნენ პრობლემის სრულ მასშტაბს და მმართველი პარტიის განზრახვას და მიიღონ შესაბამისი ზომები:
„უნდა გაიგზავნოს გზავნილი, რომ ფართომასშტაბიანი წინა-საარჩევნო მონიტორინგის მისია შეიქმნება ევროკავშირის მიერ, როგორც საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისა და ევროპულ რელსებზე დაბრუნების გზა. ევროკომისიამ უნდა შეაჩერეს ყოველგვარი საბიუჯეტო დახმარება საქართველოსთვის და შეაჩეროს მთავრობის მიერ წარმოებული პროექტების დაფინანსება სანამ „უცხოური გავლენის კანონი“ გაუქმდება და ოქტომბერში სამართლიანი არჩევნები არ გაიმართება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ გაუქმდება და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. მოგიწოდებთ გადადგათ რეალური პოლიტიკური ნაბიჯები სანამ გვიანი არ არის,“ — წერია განცხადებაში.
